„ლოკომოტივი“ იუბილეზე „გაგრასთან“ დამარცხდა #1TVSPORT
„ლოკომოტივი“ იუბილეზე „გაგრასთან“ დამარცხდა #1TVSPORT

„გაგრამ“ ეროვნულ ლიგაში სეზონი განაახლა – გუნდი „ლოკომოტივს“ განახლებული შემადგენლობით ეწვია და დამაჯერებლად დაამარცხა.

დღეს თბილისის „ლოკომოტივის“ დაბადების დღე იყო, „გაგრასთან“ მატჩამდე ფეხბურთელები დღის აღსანიშნავად სიმბოლური მაისურებით გამოვიდნენ. მაგრამ საგურამოს „ლოკო – არენაზე“ გამართულ 21-ე ტურის ამ შეხვედრაში მასპინძლებს საზეიმოდ საქმე არ ჰქონიათ.

„გაგრამ“ ანგარიში მატჩის დასაწყისშივე გახსნა. გიორგი ბუხაიძის გადაცემით „ლოკომოტივის“ კარი მისმა ყოფილმა კაპიტანმა, თემურ შონიამ მე-4 წუთზე გახსნა. 41-ე წუთზე კი სტუმართა უპირატესობა ოთარ ფარულავამ გაზარდა.

მეორე ნახევარში „ლოკომოტივი“ სხვაობის შემცირებას შეეცადა, გოლის გატანა „გაგრასაც“ შეეძლო. მაგრამ ორივე მხარის მცდელობის მიუხედავად, საბოლოოდ „გაგრამ“ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა – 2:0.

21 ტურის შემდეგ, „გაგრამ“ 22 ქულა დააგროვა, ბოლნისის „სიონს“ (21) გადაასწრო და მე-8 ადგილზე დაწინაურდა. ამავე დროს, ბოლოადგილოსან „ლოკომოტივთან“ (3) უპირატესობა საგრძნობლად გაზარდა.