„ლოკომოტივი“ ესპანური ტურნირის 1/8-ფინალში მადრიდის „ატლეტიკოს“ შეხვდება
ხმელთაშუა ზღვის საერთაშორისო ტურნირზე, რომელიც ესპანეთში იმართება, ჯგუფური ეტაპის შეხვედრები დასრულდა და 1/8-ფინალში თბილისის „ლოკომოტივის“ 19-წლამდელთა გუნდის მეტოქე გაირკვა.
საქართველოს 19-წლამდე ლიგის მოქმედი ჩემპიონი ტურნირზე წარმატებით ასპარეზობს. სულიკო დავითაშვილის გუნდმა ჯგუფში სამი შეხვედრიდან ორი მოიგო და ტურნირის ფინალურ რაუნდში გავიდა.
ტურნირის 1/8-ფინალში „ლოკომოტივის“ მეტოქე მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბის, მადრიდის „ატლეტიკოს“ 19-წლამდელთა გუნდი იქნება. შეხვედრა 19 აპრილს თბილისის დროით 20:00-ზე გაიმართება.
შეგახსენებთ, „ლოკომოტივმა“ ტურნირის პირველ დღეს ესპანური „ბანიოლესი“ 5:0 გაანადგურა. მეორე დღეს თბილისელებმა ორი შეხვედრა ჩაატარეს. პირველი „ბ1 აკადემიასთან“ მინიმალური ანგარიშით 2:3 წააგეს, ხოლო ჯგუფის გადამწყვეტ მატჩში ბრიტანული „ელიტ აკადემია“ დამაჯერებლად, 2:0 დაამარცხეს.