„ლოკომოტივი“ ეროვნული ლიგიდან გავარდა - „გაგრამ“ მოგებით შანსი შეინარჩუნა #1TVSPORT
„ლოკომოტივი“ ეროვნული ლიგიდან გავარდა - „გაგრამ“ მოგებით შანსი შეინარჩუნა #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში 30-ე ტურის ორი მატჩი გაიმართა და გაირკვა პირველი გუნდი, რომელიც ლიგა 2-ში დაქვეითდება.

მატჩის დაწყებამდე ფეხბურთელებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ვაკის პარკში 13 ოქტომბერს ტრაგიკულად გარდაცვლილი მარიტა მეფარიშვილის ხსოვნას.


„გაგრა“-„ლოკომოტივი“ 2:0


„დინამო არენაზე“ გამართულ მატჩში ფავორიტი „გაგრა“ იყო, მაგრამ „ლოკომოტივისთვის“ ეს ლიგაში ადგილის შენარჩუნების ბოლო შანსი იყო, რომლითაც თბილისელებმა ვერ ისარგებლეს.

პირველი ტაიმის ბოლოს გადამწყვეტი უპირატესობა „გაგრამ“ მოიპოვა. 45+1-ე წუთზე გუნდის კაპიტანმა ვასილ ხოსიტაშვილმა „ლოკომოტივის“ კარი პენალტით აიღო, ერთ წუთში კი მეკარისა და მცველის შეუთანხმებლობით გიორგი ქობულაძემ ისარგებლა, მეტოქეს მეორეც გაუტანა და შესვენებამდე „გაგრა“ 2:0 დააწინაურა.

„გაგრამ“ 8-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და შეინარჩუნა შანსი, რომ დარჩეს მე-7 ადგილზე და პლეი აუტში მონაწილეობის გარეშე დარჩეს ეროვნულ ლიგაში, ხოლო „ლოკომოტივმა“ ლიგა 2-ში დაქვეითება ოფიციალურად გაიფორმა.


სამგურალი“-„თელავი“ 2:0


წყალტუბოს „26 მაისი არენაზე“ გამართულ მატჩში „სამგურალიც“ საფრთხის ქვეშ მყოფ „თელავს“ დაუპირისპირდა და მიზანს მიაღწია. შეხვედრის გმირი ირაკლი რუხაძე იყო, რომელმაც 47-ე წუთზე ანგარიში პენალტით გახსნა, ხოლო 10 წუთში დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა. „სამგურალმა“ წარუმატებელი საშინაო სერია დაასრულა და ევროსაგზურისთვის ბრძოლას აგრძელებს.

30-ე ტურის დარჩენილი სამი მატჩი ხვალ, 16 ოქტომბერს გაიმართება.

ტორპედო – საბურთალო

15:00. დავით აბაშიძე – ზესტაფონი

სიონი – დინამო თბ

15:00. თამაზ სტეფანია – ბოლნისი

დინამო ბთ – დილა

19:00. ბათუმის არენა – ბათუმი