„ლოკომოტივი“ ათმა მოთამაშემ და სამმა მწვრთნელმა დატოვა #1TVSPORT
„ლოკომოტივი“ ათმა მოთამაშემ და სამმა მწვრთნელმა დატოვა #1TVSPORT

თბილისის „ლოკომოტივი“ ახალი სეზონიდან სრულად განახლდება. კლუბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით შემადგენლობა ერთდროულად ათმა მოთამაშემ დატოვა.

„ურთიერთშეთანხმების საფუძველზე თბილისის „ლოკომოტივი“ შემდეგმა ფეხბურთელებმა დატოვეს: გიორგი გაბაძემ, ნიკა ჭანტურიამ, რომა ჩაჩუამ, ნიკოლოზ ბაშელეიშვილმა, მიხეილ ბაშელეიშვილმა, დავით სამურკასოვმა, მამია გავაშელიშვილმა, გურამ ხარებავამ, ლაშა ოზბეთელაშვილმა და გაბრიელ ხუციშვილმა. თითოეულ მათგანს დიდ მადლობას ვუხდით და წარმატებებს ვუსურვებთ“, – წერია „ლოკომოტივის“ განცხადებაში.

მანამდე ურთიერთშეთანხმების საფუძველზე 1.5-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ „ლოკომოტივიდან“ მთავარი მწვრთნელი რევაზ გოცირიძე წავიდა. ამის შემდეგ მისი სამწვრთნელო სტაფის წევრებმაც იგივე ნაბიჯი გადადგეს – დავით ხიტირმა, ზურაბ მენთეშაშვილმა და ჯაბა სამსონიამ.

საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, თბილისური კლუბი შემადგენლობას გააახალგაზრდავებს და 19-წლამდე გუნდს დაეყრდნობა, ხოლო მთავარ მწვრთნელად, შესაძლოა, ლაშა ჭაღიაშვილი დაინიშნოს, რომელიც გუნდის სისტემაში წლები მუშაობდა.