„ლოკომოტივი“ აფრიკის ბაზარზე გავიდა - ზამბიურ კლუბთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა #1TVSPORT
„ლოკომოტივი“ აფრიკის ბაზარზე გავიდა - ზამბიურ კლუბთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა #1TVSPORT

ამიერიდან თბილისის „ლოკომოტივს“ აფრიკაში პარტნიორი ჰყავს – თბილისურმა კლუბმა ზამბიურ „კაფუე სელტიკთან“ მემორანდუმი გააფორმა – ინფორმაციას „ლოკომოტივის“ პრესსამსახური ავრცელებს.

„ექსკლუზიური შეთანხმების თანახმად თბილისის „ლოკომოტივი“ აქტიურად გაატარებს სასელექციო სამუშაოებს ზამბიის ჩემპიონატში და უშუალოდ კაფუე სელტიკის მოთამაშეების სკაუტინგით იქნება დაკავებული.

საფეხბურთო კლუბ თბილისის „ლოკომოტივის“ მოწვევით (1-6 სექტემბრის ჩათვლით) საქართველოს სტუმრობდა კაფუე სელტიკის პრეზიდენტი – ლი კავანუ. მოლაპარაკებების პროცესი თბილისის „ლოკომოტივსა“ და „კაფუე სელტიკს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებით დასრულდა.

6 სექტემბერს, რედისონში ლექსო თოფურიამ და ლი კავანუმ ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის თანახმადაც ქართული და ზამბიური კლუბები მომდევნო სამი წლის განმავლობაში ერთმანეთთან მჭიდროდ იქნებიან დაკავშირებულნი.

მემორანდუმი ითვალისწინებს ფეხბურთელების სელექციას „კაფუე სელტიკის“ ასაკობრივი გუნდებიდან, საერთაშორისო ტურნირების ორგანიზებასა და გაცვლით პროგრამებს“ – წერია თბილისური კლუბის გავრცელებულ ცნობაში.

აღსანიშნავია, რომ ზამბიური კლუბის, „კაფუე სელტიკის“ აღზრდილნი არიან პატსონ დაკა (რედ ბულ ზალცბურგი/ლესტერ სიტი), ენოკ მვეპუ (რედ ბულ ზალცბურგი/ბრაიტონი) და ა.შ. საინტერესოა, რომ ესტონურმა „პაიდემ“ კონფერენს ლიგიდან „დინამო თბილისი“ სწორედ ზამბიიდან მიწვეული მოთამაშეებს კლასის ხარჯზე დაამარცხა.

სატრანსფერო ბაზარზე გააქტიურება „ლოკომოტივს“ საშუალებას მისცემს წვდომა ჰქონდეს აფრიკის უმდიდრეს ბაზართან და ზამბიიდან საინტერესო მოთამაშეები დაიმატოს. თბილისური კლუბი პირველი არ არის, რომელმაც მსგავსი თანამშრომლობა გადაწყვიტა. აფრიკაში პარტნიორი პირველად წლების წინ „გაგრამ“ მოძებნა, მაგრამ შემდეგ თანამშრომლობა აღარ გაგრძელებულა.