ლოიდ ოსტინმა იოავ გალანტს მოუწოდა, ჩაატაროს სწრაფი, გამჭვირვალე გამოძიება თავდასხმასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც საქველმოქმედო ორგანიზაციის შვიდი თანამშრომელი დაიღუპა
ლოიდ ოსტინმა იოავ გალანტს მოუწოდა, ჩაატაროს სწრაფი, გამჭვირვალე გამოძიება თავდასხმასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც საქველმოქმედო ორგანიზაციის შვიდი თანამშრომელი დაიღუპა

აშშ-ის თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინსა და ისრაელის თავდაცვის მინისტრს, იოავ გალანტს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ოსტინმა მოუწოდა, „დაუყოვნებლივ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები ღაზაში დამხმარე მუშაკებისა და პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად“.

ოსტინმა გამოხატა შეშფოთება საქველმოქმედო ორგანიზაცია „მსოფლიო ცენტრალური სამზარეულოს“ ჰუმანიტარული დახმარების კოლონაზე ისრაელის თავდასხმის გამო, რომლის დროსაც დაიღუპა ორგანიზაციის შვიდი თანამშრომელი, მათ შორის აშშ-ის მოქალაქე.

„ოსტინმა მოუწოდა ისრაელის თავდაცვის მინისტრს, იოავ გალანტს, ჩაატაროს სწრაფი და გამჭვირვალე გამოძიება, საჯაროდ გააზიაროს მათი დასკვნები და თავდასხმაში პასუხისმგებელი პირები კანონის შესაბამისად პასუხისგებაში მისცენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ოსტინმა განაცხადა, რომ ამ ტრაგედიამ გააძლიერა შეშფოთება რაფაჰში ისრაელის პოტენციური სამხედრო ოპერაციის გამო, კერძოდ, ყურადღება გაამახვილა პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისა და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების აუცილებლობაზე.