ლოიდ ოსტინი აცხადებს, რომ მოკავშირეები უკრაინას დამატებით სამხედრო ტექნიკას გადასცემენ
ლოიდ ოსტინი აცხადებს, რომ მოკავშირეები უკრაინას დამატებით სამხედრო ტექნიკას გადასცემენ

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა მოკავშირეების მხრიდან უკრაინისათვის დამატებითი სამხედრო ტექნიკის გადაცემის შესახებ განაცხადა. ლოიდ ოსტინმა ამის შესახებ გერმანიაში, რამშტაინის სამხედრო ბაზაზე, ნატო-სა და ევროკავშირის წევრი 40 ქვეყნის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ქვეყნები მთელი მსოფლიოდან აქტიურდებიან, რათა მიაწოდონ უკრაინას სასწრაფო საჭიროებები. მსურს, განსაკუთრებით მადლობა გადავუხადო ჩვენს გერმანელ მასპინძელს, მინისტრ ლამბრეხტს, რომელმაც დღეს განაცხადა, რომ გერმანია უკრაინას 50 ანტისაჰაერო სისტემა „ჩიტას“ გაუგზავნის; გუშინ ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინას გაუგზავნის დამატებით ანტისაჰაერო აღჭურვილობას; დღეს კანადამ განაცხადა, რომ უკრაინას რვა ჯავშანმანქანას გაუგზავნის“, – განაცხადა ოსტინმა.

თავდაცვის მდივნის თქმით, მომდევნო კვირები უკრაინისთვის გადამწყვეტი იქნება, ამიტომ მოკავშირეებმა უნდა იმოქმედონ იმ ომის სიჩქარით, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ. თავდაცვის მდივნის თქმით, დღეს გამართული შეხვედრის მსგავსი ფორუმები ყოველთვიური გახდება.

„იმისათვის, რომ განვაგრძოთ პროგრესი, ვგეგმავთ, გავაფართოოთ ეს ფორუმი. მსურს, გაცნობოთ, რომ უკრაინის თავდაცვის გაძლიერებასთან დაკავშირებით შეხვედრები გახდება ყოველთვიური. შეიქმნება საკონტაქტო ჯგუფი, რომლებშიც შევლენ ქვეყნები, რომლებიც გამოხატავენ კეთილ ნებას, რათა გაააქტიურონ ძალისხმევა, მოახდინონ დახმარების კოორდინირება და ფოკუსირება გააკეთონ დღევანდელ ბრძოლებზე და მოსალოდნელ შეტაკებებზე. ყოველთვიური შეხვედრები იქნება, როგორც პერსონალური, ისე ვირტუალური ან შერეული“, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.

ამასთან, თავდაცვის მდივნის თქმით, მომავალ საკონტაქტო ჯგუფებში განხილული იქნება უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად გრძელვადიანი დახმარების აღმოჩენის საკითხები. მისი თქმით, ყურადღება გამახვილდება განსაკუთრებული საჭიროების საბრძოლო მასალის და იარაღის მიწოდებაზე.