ლოჩოშვილი მიიჩნევს, რომ ნორვეგიასთან სათამაშოდ მზად იყო - სანიოლის ნაკრებში დისციპლინაა და თამაში გარანტირებული არავის აქვს #1TVSPORT
ლოჩოშვილი მიიჩნევს, რომ ნორვეგიასთან სათამაშოდ მზად იყო - სანიოლის ნაკრებში დისციპლინაა და თამაში გარანტირებული არავის აქვს #1TVSPORT

ლუკა ლოჩოშვილმა Nomad Sports-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ნორვეგიასთან მატჩამდე ფიზიკური კონდიციები აღდგენილი ჰქონდა და სათამაშოდ მზად იყო.

„არც ვიცი, რა არის მიზეზი, ნორვეგიასთან სათამაშოდ რომ არ გამომიძახეს. ჩემი აზრით, მზად ვიყავი, რადგან (სერია A-ში) წინა ტურის მატჩში 70 წუთი ვითამაშე. მანამდეც, „ტორინოსთანაც“ 15 წუთი შემიშვეს. კონდიციები ამ თამაშებამდეც აღდგენილი მქონდა, დატვირთვებით ვვარჯიშობდი, იტალიაში კი მუდამ ინტენსიური ვარჯიშებია.

ვფიქრობ, მზად ვიყავი, ნორვეგიასთან 90 წუთი მეთამაშა – ეს ძალიან მინდოდა. დანარჩენი მწვრთნელის გადასაწყვეტი იყო. სანიოლთან ან ფედერაციის წარმომადგენლებთან არ მისაუბრია. მხოლოდ ის ვიცი, რაც პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ტრავმის შემდეგ უთამაშებელი ვიყავი. მეტი ინფორმაცია არ მაქვს.

ნორვეგიასთან მატჩი პასიურად დავიწყეთ, ორთაბრძოლებში აგრესია გვაკლდა, მჭიდროდ არ ვეთამაშებოდით, ბევრი სივრცე ჰქონდათ და თავისუფლად გვეთამაშებოდნენ. მეორე ტაიმი ბევრად უკეთესი იყო, შეტევაშიც მეტის გაკეთებას ვცდილობდით. თამაშიდან და ნორვეგიის ნაკრებიდან გამომდინარე, 1:1 მაინც მისაღები შედეგი იყო.

ვილი (სანიოლი) ძალიან დიდი ფეხბურთელი იყო. ეტყობა, რომ პროფესიონალია და დიდი გამოცდილება აქვს. ფეხბურთელებთან საუბარი ეხერხება. ცდილობს, ფეხბურთელებს მეტოქეზე მაქსიმალური ინფორმაცია მოგვაწოდოს. ყველაზე თვალში საცემი ისაა, რომ ნაკრებში დისციპლინაა.

ნაკრებში შეცვალა ის, რომ თამაში გარანტირებული არავის აქვს. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თავს ვინ როგორ წარმოაჩენს. ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია და, ჩემი აზრით, ძალიან სწორი მიდგომაა. ვფიქრობ, ფეხბურთელებს ბევრი კარგი რამ შესძინა“, – ამბობს ლუკა ლოჩოშვილი Nomad Sports-თან ინტერვიუში.