ლოჩოშვილი მეორე ტურში „კრემონეზეს“ განაცხადში იქნება - „ვერონაც“ იწვევდა, ყველაფერი „კრემონეზეს“ მწვრთნელთან საუბარმა გადაწყვიტა #1TVSPORT
ლოჩოშვილი მეორე ტურში „კრემონეზეს“ განაცხადში იქნება - „ვერონაც“ იწვევდა, ყველაფერი „კრემონეზეს“ მწვრთნელთან საუბარმა გადაწყვიტა #1TVSPORT

ლუკა ლოჩოშვილს იტალიაში რამდენიმე გუნდი იწვევდა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან საფეხბურთო სააგენტო FA Players Agents-ის თანადამფუძნებელმა გუგა კაჭახიძემ ექსკლუზიურად დაადასტურა.

„ლუკამ ავსტრიის ბუნდესლიგაში ძალიან კარგი ორი სეზონი ჩაატარა და მისი პროგრესი შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ამავე დროს, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელია. ყველა ამ ფაქტორმა იქონია გავლენა ლუკას იტალიაში ტრანსფერზე. ძალიან დიდი სამუშაო გავწიეთ მთელმა ჩვენმა გუნდმა: მე, მახო მუსერიძემ და გიორგი ფოფხაძემ. მოლაპარაკებები ბოლო ეტაპზე ლამის 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობდა. დაინტერესებული იყო „ვერონაც“ და სერია ა-ს და ასევე სხვა ქვეყნების გუნდებიც. თუმცა „კრემონეზე“ ყველაზე მოწადინებული და დამაჯერებელი გახლდათ და ყველაზე მომხიბვლელი წინადადება შემოგვთავაზა. დარწმუნებული ვარ, ლუკას კარიერა კარგად განვითარდება და წარმატება ექნება. გვჯერა, სწორი არჩევანი გაკეთდა. ამას მიმდინარე სეზონი გამოაჩენს“ – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან გუგა კაჭახიძემ.

მან ის მიზეზიც დაასახელა, რის გამოც 24 წლის მცველმა არჩევანი „კრემონეზეზე“ შეაჩერა: „იყო ორი ფაქტორი. პირველი – კლუბის სატრანსფერო პოლიტიკას ლეგენდარული საფეხბურთო ფუნქციონერი, ცნობილი არიედო ბრაიდა წარმართავს, რომელიც კახა კალაძის დროს „მილანში“ მუშაობდა. მეორე და უმნიშვნელოვანესი ფაქტორი – კლუბთან ინტენსიური და ეფექტური კომუნიკაცია. სპორტულმა დირექტორმა, მთავარმა მწვრთნელმა და ფეხბურთელმა რამდენჯერმე ლაივ-რეჟიმში ისაუბრეს. ამ ფაქტორებმა ლუკაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ზოგადად, ფეხბურთელი გუნდში არ გადაგვყავს, სანამ არ შედგება პირდაპირი კავშირი გადაწყვეტილების მიმღებ ყველა რგოლთან და არ დავრწმუნდებით სურვილების და მიდგომების თანხვედრაში“.

ლუკა სერია „ა“-ს პირველ ტურში არ იყო. კაჭახიძის თქმით, ახლა განაცხადში იქნება: „იურიდიული საკითხები გვარდებოდა, რომელიც უკვე გადაწყდა და „კრემონზეზეს“ განაცხადში მეორე ტურში იქნება“.

შეგახსენებთ, რომ გუგა კაჭახიძე და საფეხბურთო სააგენტო FA Players Agents-მა ბოლო ორ კვირაში ლუკა ლოჩოშვილი სერია „ა“-ს „კრემონეზეში“ გადაიყვანეს, ხოლო ლუკა პარკაძე – მიუნხენის „ბაიერნში“.

კაჭახიძემ FA Players Agents 2008 წელს ბესო აბაშიძესთან ერთად დააფუძნა, რომელსაც მახლაზ მუსერიძე და საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი გიორგი ფოფხაძე წარმოადგენენ. აღნიშნულმა გუნდმა ამ წლების მანძილზე არაერთი ტრანსფერი განახორციელა. სააგენტოსთან თანამშრომლობენ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები ოთარ კიტეიშვილი, საბა ლობჟანიძე, ლუკა ლოჩოშვილი, გურამ გიორბელიძე, ლუკა ზარანდია, გიორგი ხარაიშვილი, დავით სხირტლაძე, მათე ვაწაძე, ბექა დარცმელია, დავით კობოური.