ლოჩოშვილი ისევ დაასვენეს - მარგველაშვილმა გაიტანა და ტრავმას გადაურჩა [ვიდეო] #1TVSPORT

ლუკა ლოჩოშვილს ბოლო ორ დღეში ორი უსიამოვნო ამბავი ელოდა – ჯერ ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრებში არ გამოიძახა, დღეს კი სერია A-ს ტურის შეხვედრაში „მონცასთანსათადარიგოებში იყო, მატჩი კი 1:1 დასრულდა.

პოლონეთის ექსტრაკლასაში თორნიკე გაფრინდაშვილის „ზაგლემბიე“ სტუმრად „იაგელონიას” დაუპირისპირდა და ფრედ ითამაშა – 2:2. ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა მეორე ტაიმი სრულად ითამაშა.

საბერძნეთის სუპერლიგაში „ასტერასმა” საკუთარ მოედანზე „პანეტოლიკოსთან“ 3 ქულა მოიპოვა – 2:1. სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო ლევან შენგელია, რომელიც 64-ე წუთზე შეცვალეს.

ჩრდილოეთ მაკედონიის ჩემპიონატში ერთმანეთს ქართველების გუნდები შეხვდნენ – გაგი მარგველაშვილის „შკუპი” მიხეილ ერგემლიძის „აკადემია პანდევს” ესტუმრა, მატჩი 1:1 დასრულდა. ორივე ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო. 27-ე წუთზე სტუმრები კაცნაკლულნი დარჩნენ. ამის მიუხედავად, 31- წუთზე დაწინაურდნენ – გოლი მარგველაშვილმა გაიტანა.

ეს გოლი გაგის კინაღამ ძვირად დაუჯდა – 26 წლის მცველი კარის უკან კედელს დაეჯახა და ექიმების ჩარევა დასჭირდა. საბედნიეროდ, ტრავმა სერიოზული არ გამოდგა, ქართველი მცველი მალე წამოდგა და თამაში შეუცვლელად ჩაატარა. მარგველაშვილმა მიმდინარე ჩემპიონატში მე-4 გოლი გაიტანა.