ლოჩოშვილი ავსტრიაში „წლის საუკეთესო ემოციისთვის“ დაჯილდოეს - ძალიან გამიხარდა, მაგრამ „ნაპოლისთან“ მატჩისთვის ვემზადები და ვერ გავემგზავრე #1TVSPORT
ლოჩოშვილი ავსტრიაში „წლის საუკეთესო ემოციისთვის“ დაჯილდოეს - ძალიან გამიხარდა, მაგრამ „ნაპოლისთან“ მატჩისთვის ვემზადები და ვერ გავემგზავრე #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებისა და „კრემონეზეს“ ფეხბურთელმა ლუკა ლოჩოშვილმა ავსტრიული ფეხბურთის ყოველწლიურ საზეიმო ცერემონიალზე ჯილდო მიიღო. მას მიანიჭეს პრიზი „წლის საუკეთესო ემოციისთვის“.

აღნიშნული ფაქტი გასული წლის თებერვალში ვენის „ავსტრიასა“ და „ვოლფსბერგის“ მატჩის დროს მოხდა. ვენის გუნდის ფეხბურთელმა გეორგ ტეიგლმა თავში ძლიერი დარტყმის შემდეგ გონება დაკარგა, ხოლო „ვოლფსბერგის“ ქართველი მცველი („კრემონეზეს“ ამჟამინდელი ფეხბურთელი) მაშინვე მივარდა და პირველადი დახმარება აღმოუჩინა. დრამატულ მომენტს ლუკას ჩარევის წყალობით, კარგი დასასრული ჰქონდა.

„ვწუხვარ, რომ დაჯილოებას ვერ ვესწრები, რადგან ახლა თანაგუნდელებთან ერთად ვარ და ვემზადები მნიშვნელოვან მატჩისთვის, რომელიც კვირას „ნაპოლისთან“ გვაქვს. მოხარული ვარ ამ ჯილდოთი, მაგრამ კიდევ უფრო მიხარია, რომ გეორგ ტეიგლი ჯანმრთელად არის. ჩემი და ჩემი პარტნიორების ჩარევით, ჩვენი კოლეგის სიცოცხლე გადავარჩინეთ“, – განაცხადა ლოჩოშვილმა ავსტრიული ფეხბურთის ყოველწლიური საზეიმო ცერემონიალის ორგანიზატორებისა და  დამსწრეთათვის გაგზავნილ ვიდეომილოცვაში.