ლობჯანიძეს „კაისარი“ ახალ კონტრაქტს სთავაზობს
ლობჯანიძეს „კაისარი“ ახალ კონტრაქტს სთავაზობს

ყაზახეთში სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე გუჯა ლობჯანიძემ კიზილორდასკაისარი“ დატოვა, მაგრამ მასთან კლუბს კონტრაქტის გაფორმება სურს. ამის შესახებ კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება.

„კლუბ „კაისარის“დირექტორმა სერიკ დოსმანბეთოვმა განაცხადა, რომ რამდენიმე ფეხბურთელთან კონტრაქტის გაფორმებას შეეცდება. მთავარი მწვრთნელის დანიშვნის შემდეგ, „კაისარი“ ახალი სეზონისთვის მზადებას დაიწყებს. გუნდის მთავარი ბირთვი ადგილობრივი ფეხბურთელები იქნებიან. დღეს ჩვენ გვაქვს შეთანხმება არაერთ მოთამაშესთან. ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვებთან, მათ შორის, გუჯა ლობჯანიძესთან“, – იუწყება „კაისარის“ ოფიციალური ვებ-გვერდი.

საქართველოს ეროვნული ნაკრების 28 წლის თავდამსხმელს, რომელიც „კაისარის“ საუკეთესო ბომბარდირი გახდა, გუნდთან ხელშეკრულების ვადა 2020 წლის ნოემბრის დასაწყისში ამოეწურა. მანამდე გამოცემა „სპორტსი“ იუწყებოდა, რომ გუჯა ლობჯანიძეს შემოთავაზებები აქვს ყაზახეთიდან, რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.

ლობჯანიძემ ყაზახეთის ჩემპიონატის 12 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა, ხოლო კიდევ ერთი გოლი „ირტიშის“ ჩემპიონატიდან გასვლის გამო გააუქმეს.