ლობჯანიძე, სავარაუდოდ, „ასტანაში“ ითამაშებს
ლობჯანიძე, სავარაუდოდ, „ასტანაში“ ითამაშებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი, ელგუჯა ლობჯანიძე დიდი ალბათობით, ყაზახეთის ყველაზე ტიტულოვან გუნდში, ევროპისა და ჩემპიონთა ლიგის მონაწილე „ასტანას“ ფეხბურთელი გახდება – ინფორმაციას ყაზახური გამოცემა „ვესტი“ ავრცელებს.

„ქართველი თავდამსხმელი გუჯა ლობჯანიძე, შესაძლოა, უახლოეს მომავალში „ასტანას“ ფეხბურთელი გახდეს, ის კვიპროსელ თავდამსხმელს, პიეროს სოტირიუს შეცვლის. ამ დროისთვის მხარეები მოლაპარაკებებს აწარმოებენ, სავარაუდოა, რომ გარიგება შედგება, ხოლო ხელშეკრულება ერთი წლით გაფორმდება. ლობჯანიძის დამატებით დაინტერესებულია „ასტანას“ მთავარი მწვრთნელი, ანდრეი ტიხონოვი, რომელიც მზადაა, მომავალ სეზონში ფსონი ქართველ თავდამსხმელზე დადოს“, – ამტკიცებს „ვესტი“.

სეზონის ბოლოს „ასტანადან” ყაზახეთის ეროვნული ნაკრების ფორვარდი ალექსეი შჩეტკინი წავიდა. ამას გარდა, შეიძლება გუნდი პიეროს სოტირიუმ დატოვოს.

უკვე ორი წელია, რაც გუჯა ლობჯანიძე ყაზახეთის პრემიერლიგაში თამაშობს. ის თავიდან იყო „ტარაზის“ წევრი, შარშან „კაისარში“ ითამაშა და 13 თამაშში 7 გოლი გაიტანა. ლობჯანიძე საბოლოოდ ლიგის ბომბარდირთა სამეულში მოხვდა და წლის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს. პორტალი Transfermarkt მოთამაშის ტრანსფერს 600 ათას ევროდ აფასებს.