ლობჟანიძემ თურქეთში ზედიზედ მესამედ გაიტანა - ქართველი სუპერლიგის ბომბარდირებში დაწინაურდა #1TVSPORT
ლობჟანიძემ თურქეთში ზედიზედ მესამედ გაიტანა - ქართველი სუპერლიგის ბომბარდირებში დაწინაურდა #1TVSPORT

საბა ლობჟანიძემ თურქეთის ჩემპიონატში მორიგი კარგი თამაში ჩაატარა. მისმა გუნდმა „ჰატაისპორმა“ თურქეთის სუპერლიგის მე-3 ტურში „ალანიასპორს“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დაამარცხა.

საბა ლობჟანიძე „ჰატაისპორის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 79-ე წუთზე შეცვალეს, როდესაც მან და გუნდმა მეტოქე კუთხეში მიაყენეს. საქართველოს ნაკრების შემტევმა ზედიზედ მესამე ტურში გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა.

ჰატაი სტადიონზე“ გამართულ შეხვედრაში მასპინძლები დიდ უპირატესობას ფლობდნენ და პირველი ტაიმში მეტოქეს სამი გოლი გაუტანეს. მე-4 წუთზე ანგარიში ნოს ტრაორემ გახსნა, რომლის გადაცემითაც ლობჟანიძემ მე-18 წუთზე მეტოქის კარი მეორედ ძალიან ეფექტური დარტყმით აიღო, ხოლო 42-ე წუთზე ქართველმა შემტევმა საგოლე გადაცემა თავად გაუკეთა რუბენ რიბეიროს.

მეორე ტაიმიც „ჰატაისპორის“ უპირატესობით მიმდინარეობდა და აიუბ ელ-კააბიმ და მოჰამედ კამარამ მეტოქის კარი კიდვე ორჯერ აიღეს, „ჰატაისპორმა“ 5:0 მოიგო და 3 ტურის შემდეგ 4 ქულით მე-8 პოზიციაზეა.

საბა ლობჟანიძე ამ მატჩის შემდეგ მშვენიერ განწყობაზე გამოემგზავრება საქართველოს ნაკრების შეკრებაზე, რომელიც სექტემბრის სამი მატჩისთვის მზადებას 30 აგვისტოს ბათუმში დაიწყებს.

27 წლის ფეხბურთელმა თურქეთის ჩემპიონატის პირველ სამ ტურში ანგარიშზე სამი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა ჩაიწერა და „ანტალიასპორის! ამერიკელ ჰაჯი რაიტთან ერთად ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა.