ლობჟანიძემ ისევ გაიტანა - ქართველმა „ანკარაგუჯუს“ ქულა მოუტანა (ვიდეო)

საბა ლობჟანიძემ „ანკარაგუჯუში“ მორიგი შთამბეჭდავი თამაში ჩაატარა და მორიგი გოლის ავტორი გახდა – ეს თურქეთის სუპერლიგის მე-13 ტურის შეხვედრაში მოხვდა, სადაც მისი გუნდი უშუალო კონკურენტს, „გენჩლერბირლიგს“ ესტუმრა და ქულა მოიპოვა.

26 წლის ქართველი შემტევი „ანკარაგუჯუს“ ძირითად შემადგენლობაში იყო და მხოლდო 90+4-ე წუთზე დროის გასაყვანად შეცვალეს. მასპინძლები 58-ე წუთზე დაწინაურდნენ. საქართველოს ნაკრების შემტევი თანაგუნდელმა 74-ე წუთზე „გენჩლერბირლიგის“ მეკარესთან პირისპირ დატოვა – საბამ შანსი გოლად აქცია – 1:1. გოლის შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა უკვე ტრადიციადქცეული ჟესტი გაიმეორა და მიანიშნა – „ახლა ჩემი დროა!“

საბა ლობჟანიძე „ანკარაგუჯუს“ შემადგენლობაში საუკეთესო იყო თურქეთის სუპერლიგის მე-12 ტურში „კონიასპორთანაც“ (4:3), სადაც მოგებაშიც გადამწყვეტი როლი ითამაშა – გოლი გაიტანა, საგოლე გადაცემა გააკეთა და პენალტი მოიპოვა და გუნდს სეზონში პირველი გამარჯვება მოუტანა, ხოლო ანალიტიკურმა გვერდმა „სოფასქორმა“ტურის სიმბოლურ გუნდში დაასახელა.

13 ტურის შემდეგ, „ანკარაგუჯუმ“ 9 ქულა დააგროვა და თურქეთის სუპერლიგაში მე-19 ადგილზეა (სულ 21 გუნდი თამაშობს). საბა ლობჟანიძემ თურქეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 10 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.