ლობჟანიძემ „ფენერბახჩეს“ ინტერესზე კომენტარი გააკეთა - რამდენიმე გუნდი დაინტერესდა, მაგრამ ახლა ამაზე არ ვფიქრობ
ლობჟანიძემ „ფენერბახჩეს“ ინტერესზე კომენტარი გააკეთა - რამდენიმე გუნდი დაინტერესდა, მაგრამ ახლა ამაზე არ ვფიქრობ

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ საბა ლობჟანიძემ თურქეთის სუპერლიგაში ბოლოდროინდელ წარმატებულ გამოსვლაზე ილაპარაკა.

საქართველოს ნაკრებისა და „ანკარაგუჯუს“ ფლანგის შემტევმა თურქეთის სუპერლიგის მე-13 ტურში „გენჩლერბირლიგს“ გასვლით მატჩში (1:1) გაუტანა და გუნდს ქულა მოუტანა. მანამდე, მე-12 ტურში „კონიასპორთანაც“ (4:3), გადამწყვეტი როლი ითამაშა – გოლი გაიტანა, საგოლე გადაცემა გააკეთა და პენალტი მოიპოვა, გუნდს სეზონში პირველი გამარჯვება მოუტანა, ხოლო ანალიტიკურმა ვებგვერდმა „სოფასქორმა“ტურის სიმბოლურ გუნდში დაასახელა.

„ბოლო სამი შეხვედრა კარგად ჩავატარეთ და 7 ქულა მოვიპოვეთ, მაგრამ 9 ქულის აღებაც შეგვეძლო. ესეც კარგია, რადგან აქამდე 2 ქულა გვქონდა. გუნდში მწვრთნელი შეიცვალა და ამან გუნდზე დადებითი გავლენა მოახდინა – ატმოსფეროც შეცვალა და „ანკარაგუჯუც“ ათამაშდა. წინ ბევრი თამაშია და არის კარგი შანსი, რომ სუპერლიგაში ადგილი შევინარჩუნოთ“, – განაცხადა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ საბა ლობჟანიძემ.

თურქეთის სუპერლიგაში 21 გუნდი თამაშობს და ამის გამო მჭიდრო სათამაშო კალენდარია. საქართველოს ნაკრების შემტევს ეს მოსწონს: „სულ მსურდა ინგლისში ასეთი გრაფიკით თამაში და ეს სურვილი თურქეთში ავიხდინე. ბევრი თამაშია, მათ შორის, ახალი წლის პერიოდშიც. სიმართლე გითხრათ, ეს მიხარია, თუნდაც ის, რომ მოსამზადებელი ეტაპი არ იქნება, რადგან ამას ყოველ მესამე-მეოთხე დღეს ოფიციალური შეხვედრების ჩატარება მირჩევნია“.

სუპერლიგაში ლობჟანიძის მიერ ჩატარებული კარგი თამაშების შედეგად, თურქულ მედიაში გავრცელა ინფორმაცია, რომ ქართველ შემტევს „ფენერბახჩე“ იწვევს. რამდენად რეალურია, რომ „ანკარაგუჯუ“ დატოვოს? საბა ამ საკითხზე ზოგადი კომენტარით შემოიფარგლა: „გადასვლა რეალური არის, რადგან რამდენიმე გუნდი დაინტერესდა. მეც მინდა, რომ საკუთარი თავი უფრო ძლიერ გუნდში ვიხილო, მაგრამ „ანკარაგუჯუსთან“ კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე მაკავშირებს და არ ვიცი რა იქნება. ამ ეტაპზე ტრანსფერზე არც ვფიქრობ. სულ თამაშებია და ტრანსფერზე ფიქრის დრო არც მაქვს“.