ლობჟანიძე და მამარდაშვილი დაფასდნენ - „ტრანსფერმარკტმა“ ორივეს სატრანსფერო ღირებულება გაზარდა #1TVSPORT
ლობჟანიძე და მამარდაშვილი დაფასდნენ - „ტრანსფერმარკტმა“ ორივეს სატრანსფერო ღირებულება გაზარდა #1TVSPORT

გერმანულმა სამენეჯერო ინტერნეტ-პორტალმატრანსფერმარკტმა“ გიორგი მიქაუტაძის შემდეგ, კიდევ ორი ქართველი ფეხბურთელის ფასი გაზარდა. ამჯერად, საბა ლობჟანიძის და გიორგი მამარდაშვილის შეფასებები გაიზარდა.

ოქტომბრის დასაწყისში გიორგი მიქაუტაძეს ბელგიაში წარმატებული დაბრუნება და „სერენისთვის“ გატანილი გოლები დაუფასდა. ახლა კი საბა ლობჟანიძეს და გიორგი მამარდაშვილს დაუფასდათ კარგი თამაში.

27 წლის ლობჟანიძის შეფასება 21 მაისს 1,5 მილიონი ევრო იყო. „ჰატაისპორის“ რიგებში თურქეთის სუპერლიგის წარმატებული სტარტი დააფასეს და საბას გრაფაში ამიერიდან 3,4 მილიონი ევრო წერია, ანუ მისი ფასი ორზე მეტად გაიზარდა.

გიორგი მამარდაშვილმა ესპანეთში დიდი სენსაცია მოახდინა და „ვალენსიას“ სარეზერვო გუნდში აყვანილმა მეკარემ ლა ლიგაში 6 მატჩი ჩაატარა. ტოპ-ლიგაში თამაში კი ყოველთვის დაფასებულია და 21 წლის ქართველი მეკარის შეფასება თითქმის ოთხჯერ გაიზარდა – 800 ათასიდან 3 მილიონ ევრომდე და მამარდაშვილი საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ქართველი მეკარე გახდა.

ორივე ამ ამბავმა ყველაზე ძვირადღირებულ ქართველ ფეხბურთელთა ათეულში სერიოზული ცვლილებები გამოიწვია. საბა ლობჟანიძე მეორე ადგილზე დაწინაურდა, ხოლო გიორგი მამარდაშვილი კიდევ ორ ფეხბურთელთან ერთად მესამე-მეხუთე პოზიციებს ინაწილებს. ლიდერი კი კვლავ ხვიჩა კვარაცხელიაა.

 

1. ხვიჩა კვარაცხელია, რუბინი 18,0 მლნ ევრო

2. საბა ლობჟანიძე, ჰატაისპორი 3,4

3. გიორგი მამარდაშვილი 3,0

3. დათა ხოჭოლავა, კოპენჰაგენი 3,0

3. ოთარ კიტეიშვილი, შტურმი 3,0

6. გიორგი ჩაკვეტაძე, გენტი 2,7

7. საბა კვერკველია, უგუნდო 2,5

8. ჯიმი ტაბიძე, უფა 2,5

9. ზურიკო დავითაშვილი 2,5

10. ლევან შენგელია 2,0