„კუკესი“-„ტორპედოს“ განმეორებით მატჩამდე ვითარება ისევ დაიძაბა - ალბანელებმა ორ მოთამაშეს ვიზა არ მისცეს
„კუკესი“-„ტორპედოს“ განმეორებით მატჩამდე ვითარება ისევ დაიძაბა - ალბანელებმა ორ მოთამაშეს ვიზა არ მისცეს

ალბანურმა მხარემ „კუკესთან“ ევროპის ლიგის განმეორებით შეხვედრამდე, „ტორპედოს“ ორ აფრიკელ მოთამაშეს ვიზა არ მისცეს, შესაბამისად, ისინი ვერ ითამაშებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის „ტორპედოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ამავე დროს, განცხადებაში საუბარია ბრალდებებზე, რაც კლუბს განმეორებით თამაშამდე წაუყენეს.

„ისევ უსაფუძვლო ბრალდებები. ამჯერად უკვე ალბანეთში სტუმრად ჩასული კლუბის მიმართ. არფანგ დაფესა და გლეოფილო ვლიტერის მოწესრიგებულად და დიდი ხნის წინ წარდგენილ ვიზებზე სრული იგნორი. ამ ყველაფრის შემდეგ „კუკესისა“ და „ტორპედოს“ მატჩი ალბანეთში უეფა-ს უსაფრთხოების ოფიცრის თანდასწრებით ჩაივლის. იგი აუცილებლად გააკონტროლებს მასპინძელი კლუბის მხრიდან უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის საკითხებს ძალიან მკაცრად, ისევე, როგორც უეფა-ს დელეგატი გააკონტროლებს ალბანელების მასპინძლობის თემებს, რისთვისაც უეფა-ს დიდ მადლობას ვუხდით. ამასობაში მატჩისწინა დღე, გუნდი აგრძელებს თავდაუზოგავ შრომას გულშემატკივრის გასახარად. მადლობა თანადგომისთვის, რომელსაც მთელი ამ დღეების განმავლობაში კლუბი თქვენგან გრძნობს. ხვალ კი, საქართველოსთვის“, – აღნიშნულია „ტორპედოს“ განცხადებაში.

პირველი არხი აღნიშნულ საკითხზე „ტორპედოს“ პრესატაშეს, ედო ბადალაშვილს ესაუბრა.

არფანგ დაფესა და გლეოფილო ვლიტერის ვიზებზე ალბანურ მხარეს წინასწარ და სამჯერ მივმართეთ, მაგრამ პასუხიც არ გაუციათ“, – განაცხადა მან.

თამაშამდე „კუკესის“ პრეზიდენტმა, საფეტ გჯიჩმა განაცხადა, რომ საქართველოში შექმნილი პრობლემების გამო, ქუთაისის „ტორპედოს“ დასჯა მოითხოვა.