ლიზ ტრასი - მსურს, მოლდოვა ნატო-ს სტანდარტებით აღჭურვილი ვიხილო, ეს არის დისკუსია, რომელიც ჩვენს მოკავშირეებთან გვაქვს
ლიზ ტრასი - მსურს, მოლდოვა ნატო-ს სტანდარტებით აღჭურვილი ვიხილო, ეს არის დისკუსია, რომელიც ჩვენს მოკავშირეებთან გვაქვს

მსურს, მოლდოვა ნატო-ს სტანდარტებით აღჭურვილი ვიხილო, ეს არის დისკუსია, რომელიც ჩვენს მოკავშირეებთან გვაქვს, – აღნიშნულის შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა „ტელეგრაფთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ტრასის თქმით, არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მოლდოვის თავდაცვის შესაძლებლობებიც არ არის ნატო-ს სტანდარტების, რომლითაც რუსეთის სამომავლო თავდასხმის შეჩერება შეეძლება.

„მსურს, მოლდოვა ნატო-ს სტანდარტებით აღჭურვილი ვიხილო. ეს არის დისკუსია, რომელიც ჩვენს მოკავშირეებთან გვაქვს. პუტინმა აბსოლუტურად მკაფიოდ გამოააშკარავა საკუთარი ამბიციები დიდი რუსეთის შექმნის შესახებ – და მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ძალისხმევა კიევის აღებასთან დაკავშირებით წარუმატებელი იყო, არ ნიშნავს, რომ მან მიატოვა ეს ამბიციები“, – განაცხადა ტრასმა.

როგორც მედია წერს, შეთანხმების შემთხვევაში, ნატო-ს წევრი ქვეყნები მოლდოვას თანამედროვე იარაღს მიაწვდიან, რათა ქვეყანამ საბჭოთადროინდელი თავდაცვის აღჭურვილობა ჩაანაცვლოს, ხოლო ადგილობრივ ჯარისკაცებს სპეციალური სწავლებების გავლა მოუწევთ, მათი გამოყენების შესწავლის მიზნით.