„ლივერპულმა“ ზედიზედ 43-ე თამაში დაასრულა წაუგებლად და „ბარსელონას“ გაუთანაბრდა
„ლივერპულმა“ ზედიზედ 43-ე თამაში დაასრულა წაუგებლად და „ბარსელონას“ გაუთანაბრდა

ინგლისის პრემიერლიგის 26-ე ტურში ლიდერმა „ლივერპულმა“ 1:0 დაამარცხა სტუმრად „ნორვიჩი“. ერთადერთი გოლი სადიო მანემ გაიტანა, რომელმაც ტრავმის შემდეგ პირველი მატჩი ჩაატარა.

იურგენ კლოპის შეგირდებმა 43 მატჩამდე გააგრძელეს პრემიერლიგაში წაუგებელი სერია. „ლივერპულმა“ ამ მაჩვენებლით გაასწრო „ნოტინგემ ფორესტს“, რომელიც 1977-78 წლებში 42 მატჩი არ მარცხდებოდა ინგლისის ჩემპიონატში.

ინგლისური ფეხბურთის უმაღლესი დივიზიონის ისტორიაში ზედიზედ წაუგებელი მატჩების რაოდენობით რეკორდი ეკუთვნის „არსენალს“ – 49-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია 2003-04 წლებში.

რაც შეეხება TOP5 ქვეყნების ეროვნულ ჩემპიონატებს, ამ შემთხვევაში „ლივერპული“ დაეწია „ბარსელონას“ და ეს გუნდები მეხუთე ადგილს იყოფენ. აბსოლუტური რეკორდსმენი არის „მილანი“, რომელმაც 1991-93 წლებში სერია A-ში ზედიზედ 58 მატჩი არ წააგო.

წაუგებელი სერიების საუკეთესო ათეული ევროპის TOP5 ქვეყნების ლიგებში ასე გამოიყურება:

1. მილანი (1991/93) – 58 მატჩი
2. ბაიერნი (2012/14) – 53
3. არსენალი (2003/04) – 49
3. იუვენტუსი (2011/12) – 49
5. ლივერპული (2019-) – 43
5. ბარსელონა (2017/18) – 43
7. ნოტინგემი (1977/78) – 42
8. ჩელსი (2004/05) – 40
8. ფიორენტინა (1955/56) – 40
10. სოსიედადი (1979/80) – 38

გარდა ამისა, „ლივერპულმა“ გაიმეორა საკლუბო რეკორდი პრემიერლიგაში ზედიზედ მოგებების რაოდენობით – „ნორვიჩთან“ გამარჯვება მიჯრით მე-17 იყო. მანამდე მერსისაიდულმა გუნდმა 2019 წლის მარტიდან ოქტომბრამდე მოიგო ზედიზედ 17 თამაში.

ყველაზე გრძელი მოგებათა სერია პრემიერლიგის ისტორიაში კი „მანჩესტერ სიტის“ ჰქონდა – 18 მატჩი 2017 წლის აგვისტოდან დეკემბრამდე. „ლივერპულს“ 24 თებერვალს შეეძლება ამ რეკორდის გამეორება, როცა 27-ე ტურში შინ მიიღებს „ვესტ ჰემს“.