„ლივერპულმა“ „ტოტენჰემი“ დაამარცხა და პრემიერლიგაში ხუტმატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა [ვიდეო]

28 იანვარს, ინგლისის პრემიერლიგის მე-20 ტურის ცენტრალური შეხვედრა გაიმართა, სადაც „ლივერპული“ ლონდონის „ტოტენჰმემს“ ესტუმრა და 3:1 დაამარცხა.

მატჩი ორივე გუნდმა აქტიურად დაიწყო. მე-3 წუთზე სალაჰმა სადიო მანე მეკარესთან ერთი ერთზე გაიყვანა, მაგრამ სენეგალელმა კარში ზუსტად დარტყმა ვერ მოახერხა. რამდენიმე წამში ლონდონელებმა სახიფათო შეტევით უპასუხეს – ჰარი კეინის გადაცემის შედეგად სონი ალისონთან პირისპირ დარჩა, სამხრეთ კორეელმა ბრაზილიელ მეკარეს ახლო კუთხეში ზუსტად დაურტყა და გოლი გაიტანა, მაგრამ საქმეში VAR ჩაერთო, თამაშგარე დაინიშნა და გოლიც გაუქმდა. ამის შემდგომ გუნდებს რამდენიმეჯერ შეეძლოთ გოლის გატანა, მაგრამ მეკარეები უნაკლოდ გამოიყურებოდნენ. ტაიმის ბოლოს მერსისაიდელებმა უპირატესობა მოიპოვეს. მეოთხე დამატებულ წუთზე ჰენდერსონმა მეტოქის საჯარიმოში გრძელი პასი გაუკეთა მანეს, რომელმაც ბურთი მკერდზე მიიღო და დაბალი გადაცემით ფირმინო ცარიელ კარებთან დატოვა, ბრაზილიელ ფორვარდს კი გოლის გატანა არ გასჭირვებია და თავისი გუნდი დააწინაურა.

მეორე ტაიმიც კლოპის გუნდმა ძალიან კარგად დაიწყო. პრესინგის შედეგად „ლივერპულმა“ მეტოქის ნახევარზე ბურთი მოიპოვა, სადიო მანემ საჯარიმოდან მეკარისაგან შორეულ კუთხეში გადაგზავნა ბურთი, რომელიც ფრანგმა მეკარემ მოიგერია, თუმცა ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი იქვე აღმოჩნდა და უპირატესობა ორამდე გაზარდა. მეორე გაშვებული გოლის შემდეგ „ტოტენჰემი“ გააქტიურდა, 49-ე წუთზე ბერგუინმა მარცხენა ფლანგიდან პასი გაუკეთა ჰოიბერგს, რომელმაც საჯარიმოს გარედან უნაკლოდ დაარტყა და სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა. 56-ე წუთზე კონტრშეტევის შედეგად სალაჰმა მეტოქის კარი აიღო, მაგრამ ამ შემთხვევაშიც მარტინ ატკინსონმა ვიდეორეფერის დახმარებით ეს გოლი გააუქმა. მიუხედავად ამისა, 10 წუთში ლივერპულელებმა მიზანს მაინც მიაღწიეს – მარჯვენა ფლანგიდან არნოლდმა საჯარიმოში მაღალი პასი გაუკეთა მანეს, რომელმაც ბურთი კარში ზუსტად გადაგზავნა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 3:1.

იურგენ კლოპის გუნდმა პრემიერლიგაში ოთხმატჩიანი უგოლო და ხუტმატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა და უშუალო კონკურენტთან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. 20 ტურის შემდეგ „ლივერპული“ 37 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფება და ლიდერ „სიტის“ 4 ქულით ჩამორჩება, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ „ქალაქელებს“ ერთი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული. რაც შეეხება „ტოტენჰემს“, ლონდონელები 33 ქულით მე-6 ადგილზე იმყოფებიან.