„ლივერპულმა“ სადიო მანეს დუბლით „სტემფორდ ბრიჯზე“ მოიგო (ვიდეო)
„ლივერპულმა“ სადიო მანეს დუბლით „სტემფორდ ბრიჯზე“ მოიგო (ვიდეო)

პრემიერლიგის ჩემპიონს „ლივერპულს“ ინგლისის ჩემპიონატის ახალ გათამაშებაში ორიდან ორი მოგება აქვს. მეორე ტურში იურგენ კლოპის გუნდი „ჩელსის“ სტუმრობდა და 2:0 მოიგო.

სტუმრებმა გადამწყვეტი უპირატესობა მეორე ტაიმში მოიპოვეს, რომელიც „ჩელსიმ“ 10 ფეხბურთელით ითამაშა – პირველი ტაიმის ბოლოს კრისტენსენმა მიიღო წითელი ბარათი მეკარესთან პირისპირ გასული სადიო მანეს წაქცევისთვის.

მეორე ტაიმში ორივეჯერ რიცხობრივი უპირატესობა სწორედ მანემ გამოიყენა. მან ჯერ 50-ე წუთზე ბრწყინვალე კომბინაციის შემდეგ თავით გამოიყენა რობერტო ფირმინოს პასი, 54-ე წუთზე კი „ჩელსის“ მეკარისგან კეპა არისაბალაგასგან მიიღო ბურთი და დუბლი შეასრულა.

ლონდონელებს შეეძლოთ თამაშისთვის ინტრიგის დაბრუნება, მაგრამ 75-ე წუთზე ჟორჟინიოს ალისონმა აუღო პენალტი.

„ლივერპულის“ შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა „ბაიერნიდან” შეძენილ ტიაგო ალკანტარას, რომელმაც სრულად ითამაშა მეორე ტაიმი. მან 45 წუთში 75 ზუსტი გადაცემა შეასრულა, რაც „ჩელსის“ სასტარტოს ნებისმიერი ფეხბურთელის მაჩვენებელზე მაღალი იყო.

„ლივერპული“ მეოთხე გუნდია, რომელმაც ჩემპიონატი ორიდან ორი მოგებით დაიწყო. ჩემპიონი „ევერტონთან“, „არსენალთან“ და „კრისტალ პალასთან“ ერთად ლიდერობს გათამაშების ცხრილს.

დატოვე კომენტარი