„ლივერპულმა“ ისევ შეასრულა სტამბოლში ქამბექი და სუპერთასი მოიგო (ვიდეო)
„ლივერპულმა“ ისევ შეასრულა სტამბოლში ქამბექი და სუპერთასი მოიგო (ვიდეო)
სტამბოლში, „ბეშიქთაშის“ სტადიონზე, ორმა ინგლისურმა გუნდმა შთამბეჭდავ მატჩში უეფას სუპერთასი გაითამაშა. „ლივერპულმა“ ისევ შეძლო სტამბოლში ჩამორჩენის აღმოფხვრა და „ჩელსის“ პენალტების სერიაში დამარცხება.
ისე ჩანდა, რომ „ჩელსი“ უფრო მეტად იყო განწყობილი მოსაგებად, ვიდრე მისი მეტოქე. განსაკუთრებით ცდილობდა ამერიკული პულიშიჩი, რომელმაც ლონდონურ გუნდში ედენ აზარი უნდა შეცვალოს. ის ძალიან ბევრს დარბოდა, ფინტებს ასრულებდა, ურტყამდა. მისმა საგოლე პასმა ჟირუზე ხუთი მოწინააღმდეგე დატოვა უსაქმოდ.
„ჩელსიმ“ კიდევ ერთი გაიტანა, მაგრამ პულიშიჩის სადებიუტო გოლი ლონდონელთა რიგებში VAR-მა გააუქმა. პირველად ისტორიაში ასეთი დონის მატჩს მამაკაცთა ფეხბურთში ქალი არბიტრი, ფრანგი სტეფანი ფრაპარი მსაჯობდა. მის მიმართ მატჩის შემდეგ პრეტენზია არ ყოფილა.
შესვენებაზე კლოპმა ოქსლეიდ-ჩემბერლენი (ის პირველ მატჩს თამაშობდა „ლივერპულის“ ძირითადში 487 დღის შემდეგ) რობერტო ფირმინოთი შეცვალა და „ლივერპული“ სხვანაირად ათამაშდა. მეორე ტაიმის სასტარტო წუთებში გუნდმა რამდენიმე კარგი მომენტი შექმნა, მაგრამ ერთი გამოიყენა – არისაბალაგამ ბურთი ვერ დააფიქსირა და მანემ უპრობლემოდ გაიტანა.
რომ არა არისაბალაგა, „ლივერპული“ კიდევ რამდენჯერმე გაიტანდა და მშვიდად აიღებდა ტიტულს, მაგრამ ბასკი მეკარე სასწაულებს ახდენდა და „ჩელსი“ ოვერტაიმში გადაიყვანა.
დამატებით დროში ფირმინომ და მანემ კიდევ ერთი გოლი შექმნეს და „ლივერპული“ წინ გავიდა. მაგრამ ექვსი წუთის შემდეგ, ჟორჟინიომ პენალტი გამოიყენა.
პენალტების სერიაში არისაბალაგა ორჯერ ახლოს იყო მოგერიებასთან, მაგრამ ორიგისა და ალექსანდერ-არნოლდის დარტყმების შემდეგ, ბურთი მისი ხელთათმანებიდან შევარდა კარში. ადრიანმა კი ბოლო მეხუთე პენალტი ფეხით აუღო 21 წლის აბრაჰამს.
5:4 და „ლივერპულმა“ მეოთხედ მოიგო უეფას სუპართასი.
ლივერპული-ჩელსი 2:2 პენ 5:4
გოლები: 0:1 ჟირუ (36), 1:1 მანე (48), 2:1 მანე (95), 2:2 ჟორჟინიო (101-პენ)
ლივერპული: ადრიანი – გომესი, მატიპი, ვან დეიკი, რობერტსონი (90. ალექსანდრ-არნოლდი) – ჰენდერსონი, ფაბინიო, მილნერი (64. ვეინალდუმი) – სალაჰი, მანე (103. ორიჯი), ოქსლეიდ-ჩემბერლენი (46. ფირმინო)
ჩელსი: არისაბალაგა – ასპილიკუეტა, ზუმა, კრისტენსენი (85. ტომორი), ემერსონი – კანტე, ჟორჟინიო, კოვაჩიჩი (101. ბარკლი) – პედრო, ჟირუ (74. აბრაჰამი), პულიშიჩი (74. მაუნტი)