„ლივერპულისა“ და „ტოტენჰემის“ ყოფილი სპორტული დირექტორი „ტულუზის“ ახალი პრეზიდენტი გახდა
ფრანგულმა საფეხბურთო კლუბმა „ტულუზმა“ თავის ოფიციალურ საიტზე ხელმძღვანელობის შეცვლის შესახებ გამოაცხადა. როგორც ირკვევა, კლუბის საკონტროლო პაკეტის 85% ამერიკულმა კომპანია „რედბერდ კეპიტალ პარტნერსმა“ (RedBird Capital Partners) შეიძინა, ხოლო გუნდის ახალი პრეზიდენტი დამიენ კომოლი გახდა – პიროვნება, რომელიც წარსულში „ლივერპულისა“ და „ტოტენჰემის“ სპორტული დირექტორის პოსტს იკავებდა.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო წელს საფრანგეთის ჩემპიონატი ვადაზე ადრე გამოცხადდა დასრულებულად, ჩემპიონად კი „პარი სენ-ჟერმენი“ დასახელდა.
რაც შეეხება „ტულუზს“, სეზონის შეწყვეტის მომენტში ამ გუნდს სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილი ეკავა.
2020 წლის 9 ივნისს საფრანგეთის უზენაესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ „ტულუზისა“ და „ამიენის“ ქვედა ლიგაში დაქვეითება არ უნდა მომხდარიყო, თუმცა ეს განჩინება 23 ივნისს იქნა შეცვლილი. შედეგად, ორივე გუნდი მომავალ სეზონს რანგით მეორე დივიზიონში დაიწყებს.