„ლივერპულის“ ყოფილმა ფეხბურთელმა აღიარა, რომ კარიერული წინსვლისთვის თანაგუნდელს ტრავმა მიაყენა
„ლივერპულის“ ყოფილმა ფეხბურთელმა აღიარა, რომ კარიერული წინსვლისთვის თანაგუნდელს ტრავმა მიაყენა

„ლივერპულის“ ახალგაზრდული გუნდის ყოფილმა ფეხბურთელმა ტომ ბრიუიტმა აღიარა, რომ ერთხელ სპეციალურად მიაყენა ტრავმა თანაგუნდელს, რათა ძირითად განაცხადში მოხვედრილიყო.

2015-2016 წლების სეზონზე, „ლივერპული“ ტრავმების გამო რამდენიმე ცენტრალური მცველის გარეშე დარჩა. გუნდს ელოდა შეხვედრა ინგლისის თასზე „ექსეტერის“ წინააღმდეგ.

ბრიუიტმა ვარჯიშზე ტრავმა მიაყენა მცველ დენიელ კლირის, რომელიც მის კონკურენტად მიიჩნეოდა ძირითად გუნდში გადასასვლელად, – იტყობინება BBC.

უბრალოდ, უზომოდ მინდოდა ლივერპულში თამაში. თუ ამისთვის საჭირო იყო ვინმესთვის ტკივილი მიმეყენებინა ან ურთიერთობა გამეფუჭებინა, ამას გავაკეთებდი. მე არ მინდოდა მისთვის ძლიერი ტკივილი მიმეყენებინა, მაგრამ საკმარისი ტკივილი უნდა ყოფილიყო იმისთვის, რომ ის მწყობრიდან გამოსულიყო და მე მეთამაშა. ეს იყო ფეხებში ცუდი ვარდნა, მე ეს სპეციალურად გავაკეთე და არ ვამაყობ ამის გამო. მაგრამ არ მრცხვენია ამ საქციელის, რადგან ჩემს გონებაში ტრიალებდა – ის ან მე. და მე ავირჩიე საკუთარი თავი.

მომდევნო ორი კვირა ის ყავარჯნებით დადიოდა. ვფიქრობ, ეს ყველაფერი ძალიან უხეში იყო, რადგან მე არ მინდოდა მისი დაზარალება. უბრალოდ, სურვილი მქონდა, რომ მას იმ მატჩში არ ეთამაშა, – თქვა ბრიუიტმა, რომელიც, საბოლოოდ, ვერ მოხვდა „ექსეტერთან“ მატჩის განაცხადში ტვინის შერყევის გამო, რომელიც თამაშამდე რამდენიმე დღით ადრე მიიღო.