„ლივერპულის“ ყოფილი მეკარე მხარს უჭერს ალისონს და მამარდაშვილს მოთმინებას ურჩევს #1TVSPORT

14:20, 08.08.2026

ბრედ ფრიდელი „ლივერპულში“ ალისონ ბეკერის დარჩენას ემხრობა, სათადარიგო მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს კი ურჩევს, თავის დროს დაელოდოს, – ამის შესახებ „ლივერპულის“ ყოფილმა მეკარემ Daily Star Sport-თან ინტერვიუში ისაუბრა.

„ალისონი ნომერ პირველი მეკარეა და სასტარტო შემადგენლობაში ადგილს იმსახურებს. მან წლების განმავლობაში მსოფლიო დონე აჩვენა და თუ ფორმაში იქნება, ძირითადში ითამაშებს.

სეზონი გრძელია და წინ ბევრი თამაშია, ამიტომ მამარდაშვილიც დიდ სათამაშო დროს მიიღებს. თუმცა თუ ალისონი ფორმას შეინარჩუნებს, ჯანმრთელად იქნება და კარგად ითამაშებს, პირადად მე მის კონტრაქტს კიდევ ერთი წლით გავახანგრძლივებდი.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს სერიოზული გადაწყვეტილება იქნება „ლივერპულისთვის“, რომელსაც მოუწევს, ან ახალი მეკარე შეიძინოს პირველ ნომრად, ან მამარდაშვილს მისცეს მთავარ მეკარედ ქცევის შანსი. ქართველმაც იცის, რომ ალისონი პირველია და „ლივერპულისთვის“ შესანიშნავი მეკარეა, ამიტომ მას მოთმინებას ვურჩევ“, – განაცხადა ფრიდელმა.

მსგავსი