„ლივერპულის“ ყოფილი ფეხბურთელი 61 წლის ასაკში გარდაიცვალა
„ლივერპულის“ ყოფილი ფეხბურთელი 61 წლის ასაკში გარდაიცვალა

„ლივერპულისა“ და ირლანდიის ნაკრების ყოფილი მოთამაშე მაიკლ რობინსონი 61 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ ფეხბურთელის „ტვიტერის“ გვერდზე გავრცელდა. გარდაცვალების მიზეზი კიბო გახდა.

„დიდი მწუხარებით გაუწყებთ, რომ მაიკლი გარდაიცვალა. ამ ამბავმა სიცარიელე დაგვიტოვა, მაგრამ ასევე გამოწვია უამრავი მოგონება, სავსე სიყვარულით, რომელსაც თქვენ ყველანი ჩუქნიდით მას. მადლობა იმისთვის, რომ მაიკლი ასე გააბედნიერეთ. მას მარტო არასდროს უვლია“, – ნათქვამია განცხადებაში.

რობინსონმა კარიერა 1975 წელს, საფეხბურთო კლუბ „პრესტონში“ დაიწყო. ამის შემდეგ, ის იცავდა „მანჩესტერ სიტის“, „ბრაიტონის“, „ქუინს პარკ რეინჯერსისა“ და „ოსასუნას“ ღირსებას. რაც შეეხება „ლივერპულს“, ამ გუნდში მაიკლ რობინსონმა ერთი სეზონი (1983-84) გაატარა და ჩემპიონთა თასის მოგებაც მოასწრო. ირლანდიის ნაკრებში ის 1980-86 წლებში თამაშობდა.