„ლივერპულის“ წილი იყიდება – საინვესტიციო ჯგუფში გაწევრიანება ჯეფ ბეზოსსაც შესთავაზეს #1TVSPORT

16:29, 22.07.2026

ამერიკელმა ბიზნესმენმა, ჯეფ ბეზოსმა, შესაძლოა, „ლივერპულის“ აქციების გარკვეული ნაწილი შეიძინოს.

მერსისაიდული კლუბის მთავარი მფლობელი Fenway Sports Group-ი (FSG), რომელიც აქციების 97 პროცენტს აკონტროლებს, მცირე პაკეტის გასხვისებაზე მოლაპარაკებებს ამიტ ბჰატიას კონსორციუმთან აწარმოებს. ბჰატია ფოლადის მაგნატის, ლაკშმი მიტალის სიძე და „ქუინს პარკ რეინჯერსის“ ყოფილი მეწილეა.

Sky Sports-ის ცნობით, საუბარია აქციების 30%-ზე, რომლის სავარაუდო ფასიც 1.35 მილიარდ ფუნტ სტერლინგს მიაღწევს. გავრცელებული ინფორმაციით, ბჰატიას საინვესტიციო ჯგუფში გაწევრიანება „ამაზონისა“ და „ვაშინგტონ პოსტის“ დამფუძნებელს, მსოფლიოს მეოთხე უმდიდრეს ადამიანს, ჯეფ ბეზოსსაც შესთავაზეს.

აღსანიშნავია, რომ ბეზოსს სპორტულ ინდუსტრიაში ჩართვის სურვილი წარსულშიც ჰქონდა. იგი NFL-ის კლუბების, „სიეტლ სიჰოქსისა“ და „ვაშინგტონ კომანდერსის“ შეძენას გეგმავდა, თუმცა გარიგება არცერთ შემთხვევაში შედგა.

ინგლისის საფეხბურთო პრემიერლიგის 20 კლუბიდან თითქმის ნახევარს (მათ შორის „არსენალს“, „ჩელსისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“) ამერიკელი ინვესტორები მართავენ.

FSG-სა და ბჰატიას შორის მიმდინარე დიალოგის შესახებ ინფორმაცია პირველად გასულ კვირას „ფაინენშალ თაიმსმა“ გაავრცელა.

ამჟამინდელმა მფლობელებმა „ლივერპული“ 2010 წელს 300 მილიონ ფუნტად იყიდეს, დღეს კი კლუბის საერთო ღირებულებას 6 მილიარდ ფუნტად აფასებენ.

მსგავსი