„ლივერპულის“ ახალგაზრდა მოთამაშე სერიოზულ ტრავმას გადაურჩა, „სევილიას“ ფეხბურთელი ბოდიშს იხდის (ვიდეო)

15:29, 22.07.2019

იურგენ კლოპი აცხადებს, რომ მისი გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელი იასერ ლარუსი მძიმე ტრავმას ბეწვზე გადაურჩა.

ინციდენტი შეერთებული შტატების ქალაქ ბოსტონში მოხდა, სადაც „ლივერპული“ ესპანურ „სევილიას“ ეთამაშებოდა. მატჩის მე-80 წუთზე, „სევილიას“ ფრანგმა ლეგიონერმა ჟორის ნიანიონმა ძალიან უხეში ვარდნა შეასრულა ლარუსის წინააღმდეგ და 18 წლის მოთამაშეს ტრავმა მიაყენა.

„როგორც ჩანს, ბეწვზე გადარჩა, მაგრამ ცოტა მაინც მოგვიწევს მოცდა, სანამ ექიმები საბოლოო დიაგნოზს დასვამენ“, – განაცხადა კლოპმა.

ლარუსიმ მატჩის გაგრძელება ვერ შეძლო და ის მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.

საბოლოოდ, თამაში „სევილიას“ გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა, ნიანიონმა კი მოგვიანებით ბოდიში მოიხადა.

„მინდა საჯაროდ მოვუხადო ბოდიში „ლივერპულს“, მოთამაშის ოჯახსა და გულშემატკივრებს“, – დაწერა ნიანიონმა „ტვიტერის“ საკუთარ გერდზე, – „ეს იყო აბსოლუტურად მიუღებელი საქციელი ჩემი მხრიდან, რაც უნდა ყოფილიყო მიზეზი. მსგავსი რამ საფეხბურთო მოედანზე არ უნდა ხდებოდეს. ვლოცულობ ფეხბურთელისა და მისი ოჯახის კეთილდღეობისთვის“.

მსგავსი