„ლივერპული“ ზედიზედ ექვსი მატჩია, გოლს 75-ე წუთის შემდეგ იტანს
„ლივერპული“ ზედიზედ ექვსი მატჩია, გოლს 75-ე წუთის შემდეგ იტანს

პრემიერლიგის მე-11 ტურში „ლივერპულმა“ გაჭირვებით შეძლო მოგება „ასტონ ვილასთან“ გასვლით მატჩში – 2:1. გადამწყვეტი გოლი სადიო მანემ 94-ე წუთზე გაიტანა.

ბოლო ექვსი მატჩია, იურგენ კლოპის გუნდი დასკვნით მონაკვეთს ბრწყინვალედ ატარებს. 5 ოქტომბრიდან მოყოლებული, „ლივერპული“ ყოველთვის იტანს გოლს 75 წუთის შემდეგ და ამ გოლებს, თითქმის ყველა შემთხვევაში მატჩის შედეგზე გარდამტეხი გავლენა აქვს:

„ლესტერთან“ მატჩში ჯეიმს მილნერმა 95-ე წუთზე სამი ქულის მომტანი პენალტი გაიტანა, „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ადამ ლალანამ 85-ე წუთზე გაათანაბრა ანგარიში, „გენკთან” მოჰამედ სალაჰმა 87-ე წუთზე გამოიჩინა თავი, „ტოტენჰემს“ იმავე სალაჰმა 75-ე წუთზე გაუტანა გამარჯვების გოლი, „არსენალთან“ კი 94-ე წუთზე სიტუაცია გადაარჩინა დივოკ ორიგიმ.

„ასტონ ვილასთან“ მატჩში მერსისაიდელები 87-ე წუთამდე აგებდნენ, რის შემდეგაც, ენდრიუ რობერტსონმა და სადიო მანემ მატჩის ბედი შემოატრიალეს.

11 ტურის შემდეგ, „ლივერპული“ დაუმარცხებლად ლიდერობს. ის ექვსი ქულით უსწრებს „მანჩესტერ სიტის“, რომელმაც ბოლო ტურში ასევე 0:1-დან მოუგო „საუთჰემპტონს“ – 2:1.