ლივერპული სალაჰისგან გასული სეზონის მიღწევის გამეორებას არ ელის
ლივერპული სალაჰისგან გასული სეზონის მიღწევის გამეორებას არ ელის

„ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი აცხადებს, რომ კლუბი არ ავალდებულებს მოჰამედ სალაჰს და არც ელიც მისგან გასული სეზონის შედეგის გამეორებას. მერსისაიდული კლუბისა და ეგვიპტის ნაკრების ფორვარდმა შარშან 44 გოლი გაიტანა და პრემიერ ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, წელს კი, პირველ ექვს მატჩში, მხოლოდ ორჯერ შეარხია მეტოქის კარის ბადე. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გასული სეზონის ამავე ეტაპზე მას მხოლოდ ერთი გოლით მეტი ჰქონდა გატანილი.

წლევანდელი სეზონის გახსნით მატჩში სალაჰმა „ვესტ ჰემს“ გაუტანა, შემდეგ „ბრაიტონის“ კარის ბადეც შეარხია, თუმცა მას მერე ერთი თვე გავიდა და სალაჰის მონაგარი არ გაზრდილა.

„კრიზისია, ვერაფერს იტყვი“, – ამბობს იურგენ კლოპი ირონიულად, – „პრობლემას ვერ ვხედავ. ჩვენ მას არ ვავალდებულებთ, რომ გასული სეზონის მიღწევა გაიმეოროს, უბრალოდ მიგვაჩნია, რომ რაც მეტს გაიტანს, მით უკეთესი“.