„ლივერპული“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე რობერტო დე ძერბის კანდიდატურას განიხილავს #1TVSPORT
„ლივერპული“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე რობერტო დე ძერბის კანდიდატურას განიხილავს #1TVSPORT

2023/2024 წლის საფეხბურთო სეზონის დასრულების შემდეგ „ლივერპულს“ მთავარი მწვრთნელი, გერმანელი იურგენ კლოპი დატოვებს.

ინგლისური გრანდის მესვეურები უკვე ეძებენ ახალ დამრიგებელს და როგორც ბრიტანული მედია წერს, ამ პოსტზე დანიშვნის მთავარი კანდიდატი „ლევერკუზენის“ დამრიგებელი ხაბი ალონსოა, თუმცა მისით მიუნხენის „ბაიერნიც“ ინტერესდება და არც ისაა გამორიცხული, ის ამჟამინდელ გუნდში კიდევ ერთი სეზონით დარჩეს.

ამ შემთხვევაში „ლივერპული“ პრემიერლიგის ბინადარი „ბრაიტონის“ მთავარი მწვრთნელის, რობერტო დე ძერბის გადაბირებას შეეცდება. 44 წლის იტალიელმა სპეციალისტმა საფეხბურთო სამყაროს ყურადღება გამორჩეული სათამაშო სქემებითა და ახალგაზრდებთან წარმატებული მუშაობით მიიპყრო.

ამ მომენტისთვის დე ძერბის „ბრაიტონი“ ინგლისის პრემიერლიგაში მეცხრე ადგილზეა და ასევე გასულია უეფა-ს ევროპის ლიგის მერვედფინალში, სადაც იტალიურ „რომას“ შეხვდება.