„ლივერპული“ ინგლისის ასოციაციის თასს გამოეთიშა - „მანჩესტერ იუნაიტედი“ შემდეგ ეტაპზეა [ვიდეო]

24 იანვარს ინგლისის ასოციაციის თასზე 1/16-ფინალური შეხვედრები გაიმართა, სადაც ცენტრალურ მატჩში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ლივერპული“ „ოლდ ტრაფორდზე“ მიიღო.

მატჩი დაძაბულად წარიმართა, პირველი ტაიმის მე-18 წუთზე ფირმინომ სალაჰი მეკარესთან ერთი ერთზე გაიყვანა. ეგვიპტელმა ფეხბურთელმა დინ ჰენდერსონს ბურთი თავზე გადაუგდო და ანგარიში გახსნა. სოლსკიაერის გუნდმა გათანაბრება მალევე მოახერხა. 26-ე წუთზე პოგბამ საკუთარ ნახევარზე ბურთი მოიპოვა, რომელიც ვან დე ბეეკმა რაშფორდს გადააწოდა, ინგლისელმა შემტევმა კი შორეული პასით მეისონ გრინვუდი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, რომელმაც შანსი ხელიდან არ გაუშვა – 1:1.

მეორე ტაიმში „წითელმა ეშმაკებმა“ მალევე მოახერხეს დაწინაურება. ამჯერად გრინვუდმა საგოლე გადაცემა რაშფორდს გაუკეთა, რომელმაც ალისონს აჯობა და თავისი გუნდი წინ გაიყვანა. ზუსტად 10 წუთში მანჩესტერელებმა საკუთარ მოედანზე ბურთი დაკარგეს, რობერტო ფირმინომ საჯარიმოში დაბალი პასი გააკეთა, რომელიც ჯეიმს მილნერმა ბრწყინვალედ გაატარა, სალაჰის დარტყმა კი ამჯერადაც ზუსტი აღმოჩნდა. თამაშის მიწურულს, როცა გუნდებს თითქოს თამაში დამატებით დროში უნდა გადაეყვანათ „იუნაიტედმა“ ჯარიმა მოიპოვა. სტანდარტული ბრუნო ფერნანდეშმა უნაკლოდ შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 3:2.

სოლსკიაერის გუნდი ინგლისის ასოციაციის თასის მერვედფინალში გავიდა, სადაც „ვესტ ჰემს“ დაუპირისპირდება. რაც შეეხება „ლივერპულს“, გუნდში კრიზისი გრძელდება. ბოლო დროს პრემიერლიგაში წარუმატებელ გამოსვლას თასიდან გამოვარდნაც დაემატა.

კლოპის გუნდს შემდეგი შეხვედრა, პრემიერლიგის ეგიდით, მის ერთ-ერთ მთავარ კონკურენტთან, „ტოტენჰემთან“ ელის. მატჩი 29 იანვარს გაიმართება.

დატოვე კომენტარი