„ლივერპული“ ერთ-ერთი ფეხბურთელის წარმომადგენლის ბრალდებებს პასუხობს
„ლივერპული“ ერთ-ერთი ფეხბურთელის წარმომადგენლის ბრალდებებს პასუხობს

„ლივერპული“ უსაფუძლოს უწოდებს ბრალდებას, თითქოს კლუბი თინეიჯერ ფორვარდ ბობი დანკანის „მენტალური ბულინგით“ არის დაკავებული. 18 წლის ფეხბურთელი, რომელიც ლეგენდარული სტივენ ჯერარდის ახლო ნათესავია, იტალიური „ფიორენტინას“ ინტერესის სფეროში მოექცა, თუმცა მერსისაიდელები მის გაშვებას არ აპირებენ.

მოთამაშის წარმომადგენელმა საიფ რუბიმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ დანკანს კლუბში მისი ნების საწინააღმდეგოდ აჩერებენ, რაზეც „ლივერპულმა“ უპასუხა, რომ მსგავსი ბრალდება უსაფუძვლოა.

„საფეხბურთო კლუბი „ლივერპული“ გაწბილებულია იმ უსაფუძვლო სპეკულაციებით, რომლებმაც ერთ-ერთ ფეხბურთელთან დაკავშირებით გაიჟღერა. ფეხბურთელის ინტერესებში არ შედის ამ თემაზე საჯარო დისკუსიის გამართვა, რის გამოც კლუბი მეტ კომენტარს არ გააკეთებს. თუმცა, ჩვენ პირადად გავესაუბრებით მოთამაშეს, რათა პრობლემა ყველა მხარის ინტერესების გათვალისწინებით გადაწყდეს“, – ნათქვამია „ლივერპულის“ მიერ გავრცელებულ ოფიციალური განცხადებაში.

დანკანი „ლივერპულში“ 2018 წელს „მანჩესტერ სიტიდან“ გადავიდა და 18-წლამდელთა შემადგენლობაში ჩატარებულ მატჩებში 32 გოლი გაიტანა.