ევრობასკეტი 2022 | შერმადინის 27 ქულა და საქართველოს ნაკრების გამარჯვება ფინეთში - ქართველებს ჯგუფში სამი ტურის შემდეგ სამი მოგება აქვთ (ვიდეო)

ევრობასკეტი 2022-ის შესარჩევი. III ტური.

28 ნოემბერი. ესპოო, ფინეთი

ფინეთი-საქართველო 85:91

ჩვენი ნაკრების სასტარტო ხუთეული:

საქართველოს ეროვნული ჰიმნი ფინეთში:

I მეოთხედი

მატჩის დაწყებამდე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა თქვა – ფინელები პერიმეტრიდან შემოგვიტევენ და სამქულიანებით შეეცდებიან ფონს გასვლას. წარმატებისთვის აუცილებელი იქნება, სივრცეები მაქსიმალურად შევუზღუდოთო.

ქართველმა კალათბურთელებმა პირველ მეოთხედში მართლაც კარგად გადაკეტეს პერიმეტრი, იქ გიორგი შერმადინიც ადიოდა და პირველი ჯარიმა სწორედ ამისთვის მიიღო. შედეგად, მასპინძლები ფარქვეშიდან ცდილობდნენ ქულების მოპოვებას, რასაც ვერ ახერხებდნენ და საქართველოს ნაკრები 20:11 დაწინაურდა.

თავის მხრივ, ფინელებს ძალიან უჭირდათ ფარქვეშ ქართველი, მაღალი კლასის კალათბურთელების შეკავება. სხვა რომ არაფერი გამოსდიოდათ, ფინელები წესების დარღვევით ცდილობდნენ ჩვენიანების შეჩერებას. შედეგად შერმადინმა პირველ მეოთხედში 8 ქულა ჩააგდო, ხოლო შენგელიამ – 6.

საწყისი ათწუთეულის ბოლოს ფინელებმა ორი სამქულიანი მაინც გამოიყენეს და მეოთხედი ქართველებმა 22:18 მოიგეს.

 

II მეოთხედი

მეორე პერიოდის დასაწყისში მწვრთნელმა ილის ზუროსმა თორნიკე შენგელია დაასვენა, თუმცა საქართველოს ნაკრების დაცვას ეს არ დატყობია, ფევაძემ, ბოქოლიშვილმა და ბექაურმა კარგად აუწყეს ფეხი შერმადინსა და მაკფადენს და დაცვაში ჩაჭრების შედეგად მოპოვებული უპირატესობით ქართველებმა 9:0 გაქცევა მოაწყვეს.

ამასობაში შენგელიაც დაბრუნდა მოედანზე, შერმადინმა ცოტა დაისვენა და თამაში ჩვეულ კალაპოტში ჩადგა – ფინელები პერიმეტრიდან ამაოდ ცდილობდნენ გარდატეხვის შეტანას, ხოლო ქართველები ფარქვეშიდან მოხვეჭილი ქულებით 4-8-ქულიან უპირატესობას ინარჩუნებდნენ.

საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმი მძიმე ბრძოლაში 44:40 მოიგო.

 

III მეოთხედი

მესამე პერიოდისთვის ფინელებმა დაცვა გაამკაცრეს. ფარისკენ წასულ ერთ ქართველს სამი სუომელი ეთამაშებოდა, შედეგად ათწუთეული ქართველებისთვის ქულამწირი გამოდგა. დაცვაში კარგი თამაშით ფრთაშესხმული ფინელები შეტევაში კიდევ უფრო ზუსტები გახდნენ და მეოთხედის ბოლოს ოთხქულიანი უპირატესობაც მოიპოვეს – 59:55.

ამ მეოთხედში ხაზგასასმელია ახალგაზრდა გიორგი ფევაძის კარგი თამაში, რომელიც ფარქვეშ მშვენივრად იბრძოდა. მწვრთნელმა ილიას ზუროსმა გამთამაშებლობა გივი ბაქრაძეს დაავალა და მაკფადენი მსროლელად გადაიყვანა. გივიმ დაკისრებული მოვალეობა კარგად შეასრულა, თუმცა მაკფადენის პლეიმეიქერობიდან გამოთავისუფლებამ სამქულიანი ზონიდან ქულები ვერ შეგვმატა.

მესამე პერიოდში ფინელბმა დიდი სხვაობით რომ არ გაგვასწრეს, ცენტრი გიორგი შერმადინის დამსახურებაა, რომელიც მესამე მეოთხედის ბოლოს სამმაგ დუბლს მიუახლოვდა – 19 ქულა, 9 მოხსნა.

მეოთხედის ბოლოს გივი ბაქრაძის ჩაჭრისა და სწრაფი ორქულიანის შემდეგ ანგარიში გათანაბრდა – 65:65. მეოთხედი ასეც დასრულდა.

 

IV მეოთხედი

გადამწყვეტი პერიოდისთვის მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ტანდაბალი ხუთეული აირჩია: ბაქრაძე, ლობჯანიძე, მაკფადენი, შენგელია და შერმადინი. მეოთხედის დასაწყისში ფინელებს სწრაფი შეტევები აღარ გამოსდიოდათ და თავიდან ბოლომდე თანაბარი თამაში გაჩაღდა.

წინასწარ ცხადი იყო, რომ თამაშის ბედი ბოლო წამებზე უნდა გადაწყვეტილიყო. ბოლო წუთებამდე ვერ მივიდნენ ფინელი წინახაზელები – მადსენი და დოლენცი. მათ გიორგი შერმადინთან „ჭიდაობისას“ ხუთ-ხუთი ჯარიმა მიიღეს.

საფინალო სირენამდე 3 წუთით ადრე გივი ბაქრაძემ სამქულიანით ქართვლებს ლიდერობა დაუბრუნა – 79:77. ამას მოჰყვა შერმადინისა და ფევაძის ორქულიანები და ბოლო წუთს ქართველები 83:79-ით შეხვდნენ. სალინმა ორი საჯარიმო ჩააგდო, ფევაძემ ორქულიანი და – 85:81.

გადამწყვეტი აღმოჩნდა თორნიკე შენგელიას ორი ზუსტი საჯარიმო – 87:83 სირენამდე 19 წამით ადრე. ეს უკვე გამარჯვებას ნიშნავდა – 91:85 ქართველთა სასარგებლოდ.