ლიტერატურული კონკურსიდან საჰაერო ბურთებით რბოლამდე - უცნაური შეჯიბრებები ოლიმპიურ თამაშებზე [ვიდეო] #1TVSPORT

გასული საუკუნის დასაწყისში, როცა თანამედროვე ოლიმპიური თამაშები ჯერ კიდევ ჩამოყალიბების გზაზე იყო, ორგანიზატორები ექსპერიმენტებს მიმართავდნენ და პროგრამაში სპორტის არაერთი უცნაური სახეობა შეჰქონდათ. ზოგიერთი სახეობა დიდი პოპულარობით სარგებლობდა, ზოგიც კი იმდენად უჩვეულო იყო, რომ მხოლოდ ერთ ოლიმპიადას გაუძლო და მეორედ მისი გამართვის სურვილი არავის გასჩენია.

1900-დან 1920 წლამდე ჩატარებულ თამაშებზე მაყურებლის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სანახაობა ბაგირის გადაძალვა იყო. შეჯიბრებას ათასობით ადამიანი ესწრებოდა. პოპულარობის მიუხედავად, სპორტის ეს სახეობა ოლიმპიური პროგრამიდან გაქრა. თუმცა ამ სპორტით დღესაც არიან გატაცებულები და ის მსოფლიო თამაშების პროგრამაში შედის.

1900 წლის პარიზის ოლიმპიადაზე მედლები საჰაერო ბურთებით შეჯიბრშიც გაიმართა. ჯამში საპრიზო ადგილები 18 დისციპლინაში გათამაშდა. მაგალითად საჰაერო ბურთებით რბოლაში, საჰაერო ბურთებიდან მიზანში სროლაში, სიმაღლის დაძლევაში და ა.შ.

ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო კი ალბათ 1908 წელს ლონდონის ოლიმპიადაზე ჩატარებული შეჯიბრი იყო სახელწოდებით დუელი, სადაც მონაწილეები ერთმანეთს, დუელის პრინციპით, ცვილის ტყვიებს ესროდნენ.

1900 წლის პარიზის ოლიმპიადა უცნაურობებით ნამდვილად ყველაზე გამორჩეული იყო. ამ წელს გაიმართა მეეტლეების რბოლა და მეხანძრეთა შეჯიბრი ამტანობაზე, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მეხანძრეთა გამარჯვებით დასრულდა.

ბასკური პელოტა

1920-სა და 1928 წლებში ოლიმპიადამ კორფბოლის ტურნირს უმასპინძლა. ეს კალათბურთის მსგავსი თამაშია, რომელშიც მონაწილეობას შერეული, 4 ქალისა და 4 კაცისგან შემდგარი გუნდები იღებენ. ოთხ სხვადასხვა თამაშებზე იყო წარმოდგენილი ბასკური პელოტა, ბასკების ხალხური სახეობა, რომელიც ჩოგბურთს წააგავს და ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ თამაშად არის აღიარებული.

1904 წლის ოლიმპიადაზე სახალისო შეჯიბრებაში გათამაშდა საპრიზო ადგილები. მონაწილეები თოკზე ჩამოკიდებულ ძირგავარდნილ კასრში ცდილობდნენ გადახტომას.

თუმცა, ალბათ, ყველაზე უცნაური მაინც ოლიმპიადის ფარგლებში გამართული ლიტერატურული კონკურსი და ფერმწერთა, მოქანდაკეთა, არქიტექტორთა და მუსიკოსთა შეჯიბრი იყო. პირველი ლიტერატურული კონკურსი თანამედროვე თამაშების დამაარსებელმა პიერ დე კუბერტენმა მოიგო.

მხატვართა კონკურსში გამარჯვებული ნამუშევარი – „რაგბი“

პოპულარობით სარგებლობდა თოკზე ცოცვა. ბაგირის გადაზიდვის მსგავსად ამ სახეობასაც ათასობით მაყურებელი ჰყავდა. 1904 წლის ოლიმპიადა ჯორჯ აისერმა მოიგო, რომელსაც ფეხი ამპუტირებული ჰქონდა და ცოცვის დროს ხის პროთეზს იყენებდა.

ფრანების ასპარეზობა, მარხილში შებმული ძაღლების შეჯიბრი, სროლა, სადაც სამიზნე ცოცხალი მტრედები იყვნენ, წყალზე ტივტივით დისტანციის დაფარვა, ძალოსნობა ცალი ხელით – ეს არასრული ჩამონათვალია იმ სახეობებისა, რომელთა ნახვაც, სპორტის მოყვარულებს, გასულ საუკუნეში ოლიმპიადებზე შეეძლოთ.

დატოვე კომენტარი