ლისაბონში გაძვირებული საცხოვრებელი ხარჯების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა
პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონის ცენტრში ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა. დემონსტრანტებმა ბინის ქირის გაძვირება და საცხოვრებელი ხარჯების ზრდა გააპროტესტეს.
დემონსტრანტების თქმით, დაბალი ხელფასები საცხოვრებლისა და ყოველდღიური ხარჯების ზრდას ვერ ეწევა, რის გამოც სულ უფრო მეტ ადამიანს უჭირს ამ პრობლემასთან გამკლავება.
როგორც „როიტერი“ წერს, 2017 წლის შემდეგ პორტუგალიაში საცხოვრებელი სახლების ფასები გაორმაგდა, ასევე გაორმაგდა ახალი საიჯარო ხელშეკრულებებით განსაზღვრული ქირის თანხა. შედეგად, ქვეყანა ევროპაში საცხოვრებლის ხელმისაწვდომობის მხრივ ერთ-ერთ ყველაზე მწვავე კრიზისს განიცდის. პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დიდ ქალაქებში დგას.