ლისაბონის „სპორტინგის“ მწვრთნელი - ქოჩორაშვილი ბევრ რამეს შეგვმატებს და ფასეული მოთამაშე გახდება #1TVSPORT
ლისაბონის „სპორტინგის“ მთავარმა მწვრთნელმა, რუი ბორხესმა პორტუგალიის თასზე „რიო ავესთან“ მატჩამდე გიორგი ქოჩორაშვილის შესახებ ისაუბრა. ქართველი ნახევარმცველი „ლომებმა“ ორი დღის წინ დაიმატეს.
„რაც შეეხება გაძლიერებებს, არ დავასახელებ გვარს, რომლის გამოთქმაც ძალიან რთულია“, — იხუმრა ბორხესმა.
„ვნახე კითხვები სოციალურ ქსელებში, როგორ დავაწერთ მის გვარს მაისურზე შემოკლებულად. ეს პირველი და ყველაზე ხშირად დასმული კითხვა იყო.
ქოჩორაშვილით ჩვენი კლუბი გარკვეული პერიოდის წინ დაინტერესდა. მას ვაკვირდებოდით და რამდენიმე საინტერესო დეტალი შევნიშნეთ — უპირველესად, ის ძლიერი პიროვნებაა, გამორჩეული ხასიათი აქვს და ჩავთვალეთ, რომ „სპორტინგში“ კონკურენტუნარიანი ფეხბურთელი გახდებოდა.
ის საყრდენი ნახევარმცველია, თუმცა, ამავდროულად, გოლების გატანაც შეუძლია და ძალიან ტექნიკურია. ვთვლი, რომ ქოჩორაშვილი „სპორტინგს“ ბევრ რამეს შემატებს. ის ჩვენი გუნდისთვის ფასეული ფეხბურთელი გახდება. მისი დამატების შესაძლებლობა გაჩნდა და მიხარია, რომ „სპორტინგში“ ითამაშებს“, – განაცხადა ბორხესმა.