„ლიონისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ შეხვედრა ევროპის ლიგაზე ფრედ დასრულდა - მიქაუტაძემ შეუცვლელად ითამაშა [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძის „ლიონმა“ ევროპის ლიგის მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში „მანჩესტერ იუნაიტედს“ უმასპინძლა და, თავიდან მოპოვებული უპირატესობის მიუხედავად, ფრეს დასჯერდა — 2:2.
26-ე წუთზე ანგარიში ტიაგო ალმადამ გახსნა, თუმცა 45+5-ე წუთზე ინგლისელთა ფრანგმა მცველმა, ლენი იორომ წონასწორობა აღადგინა.
მიქაუტაძე, რომელიც „ლიონის“ ძირითად შემადგენლობაში იყო, პირველ ტაიმში დამაჯერებლად ვერ გამოიყურებოდა, თუმცა მეორე ნახევარი შესანიშნავად დაიწყო — ორ მცველს ეფექტური მოძრაობით გასცდა და კარის წინ კაპიტანი ალექსანდრ ლაკაზეტი მოძებნა, რომელმაც მიღებული შანსით ვერ ისარგებლა. შემდეგ კი ოთხწუთიან მონაკვეთში (65-ე და 69-ე წუთებზე) ორჯერ სცადა კარის აღება, მაგრამ ორივეჯერ მცველებმა შეუშალეს ხელი.
სტუმრების შეტევა 88-ე წუთზე ჯოშუა ზირკზემ დააგვირგვინა და „მანჩესტერი“ წინ გაიყვანა. 90+4-ე წუთზე „ლიონმა“ მაინც გაათანაბრა — მიქაუტაძის დარტყმა მეკარემ მოიგერია, მაგრამ დამატებაზე რაიან შერკიმ გაიტანა და ანგარიში 2:2 გახადა. გიორგის კი სტატისტიკურმა პორტალებმა საგოლე გადაცემა დაუწერეს.
ევროპის ლიგის მეოთხედფინალის საპასუხო შეხვედრა „ლიონსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ შორის „ოლდ ტრაფორდზე“ 17 აპრილს გაიმართება.