„ლიონის“ მწვრთნელი - ვფიქრობ, რომ გუნდისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებებს ვიღებ #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ საფრანგეთის ლიგა 1-ში 26 აპრილს საკუთარ მოედანზე „რენს“ უმასპინძლებს – გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, პაულო ფონსეკამ პრესკონფერენციაზე გუნდის ირგვლივ ბოლო დროს შექმნილ ვითრებაზე ისაუბრა.
„ლიონი“ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის. გასული კვირა გუნდისთვის წარუმატებელი გამოდგა – ლიონელები ჯერ ევროპა ლიგის მეოთხედფინალში „მანჩესტერ იუნაიტედთან“ დამარცხდნენ, ხოლო შემდეგ საფრანგეთის ჩემპიონატში „სენტ-ეტიენთან“ წააგეს.
„გავრცელებულ ინფორმაციის თანახმად, „ლიონის“ გასახდელში დიდი დაძაბულობაა, შესაბამისად, „რენთან“ მოგება მარტივი არ იქნება. გუნდის გენერალურმა მენეჯერმა, ლორან პრუდომმა თანამდებობა დატოვა, ხოლო მთავარ მწვრთნელს, პაულო ფონსეკას „ლიონის“ რამდენიმე ვარსკვლავთან ურთიერთობა დაეძაბა. ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს კორენთინ ტოლისოს ტრავმა.
ამ რთულ სიტუაციაში მოუწია ფონსეკას ჟურნალისტებთან შეხვედრა, მაგრამ პორტუგალიელი მწვრთნელი კრიტიკას არ შეუშინდა“, – წერს გამოცემა Footmercato.
„მწვრთნელმა კრიტიკა უნდა მიიღოს. შეცდომები სწრაფად უნდა გავაანალიზოთ, გამოვასწოროთ ისინი და წინსვლა განვაგრძოთ. „ოლდ ტრაფორდზე“ წაგების შემდეგ, საჭიროდ ჩავთავლე, რომ „სენტ-ეტიენთან“ შემადგენლობა შემეცვალა, ეს აუცილებელი იყო.
რაც შეეხება კითხვებს ნემანია მატიჩთან დაკავშირებით. მან „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ორივე შეხვედრა გამოტოვა და მესმის, რომ იმედგაცრუებულია, მაგრამ მწვრთნელი ვარ და ისეთ გადაწყვეტილებებს ვიღებ, რომელიც მიმაჩნია, რომ გუნდისთვის საუკეთესოა. მატიჩს მანჩესტერში პირველი თამაშის შემდეგ ვესაუბრე. ის გუნდთან ერთად ვარჯიშობს და მზადაა, მომდევნო შეხვედრაში ითამაშოს“, – თქვა პაულო ფონსეკამ.