„ლიონის“ მთავარი მწვრთნელი - მიქაუტაძისა და ლაკაზეტის სახით ორი კარგი თავდამსხმელი გვყავს #1TVSPORT
„ლიონს“ ფრანგი თავდამსხმელი ალექსანდრე ლაკაზეტი ზაფხულში დატოვებს, მის პოზიციაზე კი გიორგი მიქაუტაძის კანდიდატურაა იდეალური, – ამის შესახებ გამოცემა ouest-france-ი წერს.
„ლაკაზეტი „ლიონის“ შეუჩერებელ ბომბარდირად რჩება, მაგრამ როდემდე? ნოემბრის დასაწყისში, „სენტ-ეტიენთან“ დერბიში გამარჯვების (1:0) შემდეგ მან განაცხადა, რომ გუნდში ბოლო სეზონს ატარებს.
შესაბამისად, „ლიონს“ მოუწევს, განიხილოს იმ სივრცის შევსება, რომელიც საფრანგეთის ნაკრები ყოფილი თავდამსხმელის წასვლის შემდეგ შეტევაში გაჩნდება.
ზაფხულში „მეციდან“ დამატებული გიორგი მიქაუტაძე იდეალურად შეეფერება იმ ფეხბურთელის პროფილს, რომელსაც გუნდის მწვრთნელი ეძებს“, – წერს გამოცემა.
თავდამსხმელების შესახებ „ლიონის“ მთავარმა მწვრთნელმა, პიერ საჟმაც ისაუბრა და განაცხადა, რომ მოთამაშეთა შორის ჯანსაღი კონკურენციაა.
„შეტევაში პრობლემა არ გვაქვს. ვიცი, თუ რომელიმე მატჩში ვერ გაიტანენ, შემდეგ მატჩში თავს აუცილებლად გამოიჩენენ. მათ ერთადაც ითამაშეს და შემდეგ შანსი ორივეს ცალ-ცალკე მიეცა.
მიქაუტაძემ „ყარაბაღთან“ ორი გოლი გაიტანა და მჯერა, რომ ასეც უნდა გააგრძელოს. შემდეგ შეხვედრაში კი ლაკაზეტმა ჰეთთრიქი შეასრულა. ჩვენ მუდამ გვყავს ფეხბურთელი, რომელიც შეტევას ახალ ენერგიას შემატებს. ამიტომ, მიმაჩნია, რომ „ლიონს“ ორი კარგი არჩევანი აქვს“, – ამბობს „ლიონის“ მთავარი მწვრთნელი.