„ლიონი“ მთავარი მწვრთნელის, პიერ საჟის შემცვლელს ეძებს #1TVSPORT
„ლიონი“ მთავარი მწვრთნელის, პიერ საჟის შემცვლელს ეძებს #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძის „ლიონს“ ახალი მწვრთნელი ეყოლება – ეს კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა და მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნიდან 14 თვის შემდეგ პიერ საჟი გაათავისუფლა.

„„ლიონი“ იძულებულია, გაათავისუფლოს მთავარი მწვრთნელი პიერ საჟი და მისი სამწვრთნელო სტაფის წევრები. გადაწყვეტილებას მისი შემცვლელის თაობაზე უახლოეს დღეებში მივიღებთ“, – წერია კლუბის განცხადებაში.

მიზეზი გუნდის ცუდი შედეგებია. მის შემცვლელად კი პორტუგალიელი სპეციალისტი პაულო ფონსეკა მოიაზრება, რომელიც წვრთნიდა „პორტოს“, „ბრაგას“, დონეცკის „შახტარს“, „რომას“ და „ლილს“, ხოლო ბოლოს „მილანს“, საიდანაც 2024 წლის 29 დეკემბერს უარყოფითი შედეგების გამო გაათავისუფლეს.

პიერ საჟი გუნდს მხოლოდ 14 თვე ხელმძღვანელობდა. 45 წლის სპეციალისტმა „ლიონი“ 2023 წლის ნოემბერში ჩაიბარა, როდესაც გუნდი საფრანგეთის ლიგა 1-ის აუტსაიდერებში იყო. მაგრამ მდგომარეობა გამოასწორა, სეზონი მე-6 ადგილზე დაასრულა და ევროპის ლიგის საგზური მოიპოვა.

თუმცა მან ვერ შეძლო წარმატებული სვლის გაგრძელება – „ლიონმა“ იანვარში მხოლოდ ერთი მატჩი მოიგო, ბოლო ხუთი კი წააგო, მათ შორის განსაკუთრებით შოკის მომგვრელი გასვლაზე მეხუთე ლიგის „ბურგუან-ჟალიეტთან“ საფრანგეთის თასზე მარცხი აღმოჩნდა.

საჟს, დიდი ალბათობით, პაულო ფონსეკა შეცვლის – პორტუგალიელსა და კლუბს შორის სიტყვიერი შეთანხმების შესახებ ფაბრიციო რომანო იტყობინება. ახალი მწვრთნელის ამოცანა „ლიონის“ ჩემპიონთა ლიგაზე გაყვანა იქნება. ეს გუნდს მნიშვნელოვან შემოსავალს მოუტანს.