ლიონელ სკალონი მესის შესახებ – ადამიანებს, რომლებიც მას კარგად არ იცნობენ, შესაძლოა ეგონათ, რომ 39 წლის ასაკში სათანადო ფორმაში აღარ იქნებოდა #1TVSPORT
არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალური მატჩის წინ, რომელსაც მისი გუნდი შვეიცარიასთან გამართავს, ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა.
„თითოეულ შეხვედრაში ლეო მოედანზე დაახლოებით ერთსა და იმავე დისტანციას ფარავს, თუმცა მთავარი ის კი არ არის, ბევრს დარბის თუ ცოტას, ის თამაშზე ყოველთვის გადამწყვეტ გავლენას ახდენს. რა თქმა უნდა, გუნდიც ძალიან ეხმარება და ეს ფაქტია. მან ფიზმომზადების პირად მწვრთნელთან ერთად ბევრი იმუშავა, რამაც შესაბამისი შედეგიც მოიტანა.
არ ვიცი, ნახეთ თუ არა ტიერი ანრის ბოლოდროინდელი ინტერვიუ, რომელიც მესის თანაგუნდელი იყო. მან ზუსტად აღნიშნა – როცა ლეო მაქსიმუმს აკეთებს და მეტოქისგან საფრთხეს გრძნობს, ის ნამდვილ მანქანად გარდაიქმნება. მე ეს სრულებით არ მიკვირს. ადამიანებს, რომლებიც მას კარგად არ იცნობენ, შესაძლოა, ეგონათ, რომ 39 წლის ასაკში სათანადო ფორმაში აღარ იქნებოდა. თუმცა სანამ თავად სურს მოწოდების სიმაღლეზე ყოფნა, მუდამ საუკეთესო იქნება. ამას მხოლოდ იმიტომ არ ვამბობ, რომ მისი მწვრთნელი ვარ, სანამ მას მოტივაცია აქვს, მისი უპირატესობა მოედანზე აშკარაა“, – აღნიშნა სკალონიმ.
მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მესიმ 8 გოლი გაიტანა და კილიან მბაპესთან ერთად ბომბარდირთა დავის სათავეშია.
არგენტინისა და შვეიცარიის მეოთხედფინალური შეხვედრა 12 ივლისს, თბილისის დროით 05:00 საათზე დაიწყება.