ლიონელ სკალონი არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2030 წლის მუნდიალის ჩათვლით დარჩება #1TVSPORT

09:08, 22.10.2026

არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლიონელ სკალონი თანამდებობაზე მუშაობას გააგრძელებს. 48 წლის სპეციალისტმა ქვეყნის ფეხბურთის ასოციაციასთან (AFA) ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე შეთანხმებას მიაღწია, – ინფორმაციას ცნობილი არგენტინელი ჟურნალისტი სესარ ლუის მერლო ავრცელებს.

ჟურნალისტის ცნობით, სკალონიმ დადებითად უპასუხა წინადადებას, რომელიც არგენტინის ფეხბურთის ასოციაციისგან ჯერ კიდევ სექტემბერში მიიღო.

მხარეები ამჟამად ხელშეკრულების საბოლოო დეტალებზე მუშაობენ, რის შემდეგაც კონტრაქტს ოფიციალურად გააფორმებენ. გავრცელებული ინფორმაციით, შეთანხმება თავდაპირველად 2028 წლამდე იქნება გათვლილი, კიდევ ორი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობით, რაც სკალონის 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩათვლით მუშაობის საშუალებას მისცემს.

სკალონი არგენტინის ნაკრებს 2018 წლიდან ხელმძღვანელობს. მისი მუშაობის პერიოდში გუნდმა 2021 და 2024 წლებში კოპა ამერიკა მოიგო, 2022 წელს კი მსოფლიო ჩემპიონი გახდა და ფინალისიმას ტიტულსაც დაეუფლა.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრები ფინალში გავიდა, სადაც ესპანეთთან დამარცხდა.

სკალონის მოქმედი კონტრაქტი 2026 წლის დეკემბერში იწურება.

მსგავსი