ლიონელ მესის მიზნები 2019 წელს - არგენტინელს პელეს რეკორდამდე 67 გოლი აკლია
ლიონელ მესის მიზნები 2019 წელს - არგენტინელს პელეს რეკორდამდე 67 გოლი აკლია

გასული წელი ლიონელ მესისთვის წარუმატებელი ნამდვილად არ ყოფილა. „ბარსელონასთან“ ერთად ის მეცხრედ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, მეექვსედ მოიგო ქვეყნის თასი და მეშვიდედ სუპერთასი. რაც შეეხება ინდივიდუალურ მიღწევებს, არგენტინელმა მოიპოვა პიჩიჩის ჯილდო და მეხუთე ოქროს ბუცი.

2019 წელს მესის ახალი მიზნები და ამოცანები აქვს. მას შეუძლია როგორც სხვების, ასევე საკუთარი რეკორდების გაუმჯობესება. ვნახოთ, რას უნდა ველოდოთ მისგან წელს –

პირველი, რისი შესრულებაც მესის 2019-ში შეეძლო, ეს იყო მეოთხასე გოლი ქვეყნის ჩემპიონატში. ამის გაკეთება მან უკვე მოახერხა. 13 იანვარს გამართული მატჩის 53-ე წუთზე „ეიბარის“ კარი აიღო და „ლა ლიგაში“ გატანილი გოლების რაოდენობა 400-მდე დაამრგვალა.

რაც შეეხება სამეფო თასს, აქ ამ მომენტისთვის არგენტინელს 48 გოლი აქვს გატანილი. ის უკვე შევიდა ტურნირის ყველა დროის 10 საუკეთესო ბომბარდირში, თუმცა ლიდერობამდე ჯერ ბევრი აკლია. უდავოა, რომ მესი აღნიშნულ მაჩვენებელს 2019-ში საგრძნობლად გააუმჯობესებს. და თუ მეტს არა, 50-იან ზღვარს მაინც გადაკვეთს. ისე კი „კოპა დელ რეიზე“ ყველაზე მეტი ბურთი 40-50-იანი წლების ბილბაოს „ატლეტიკის“ ფორვარდს ტელმო სარას აქვს გატანილი. მის ანგარიშზე 81 გოლია.

კიდევ ერთი რამ, რასაც მესი წელს აუცილებლად მიაღწევს არის ის, რომ დაიკავებს მეორე ადგილს იმ ფეხბურთელთა სიაში, რომლებსაც „ბარსელონას“ მაისურით ყველაზე მეტი მატჩი აქვთ ჩატარებული. ამ ეტაპზე არგენტინელი 677 თამაშით მესამე პოზიციაზეა და ანდრეს ინიესტას 15 მატჩით ჩამორჩება. რეკორდსმენი კი ჩავია, რომელიც „ბარსას“ შემადგენლობაში მოედანზე 767-ჯერ გავიდა.

2019-ში მესის შესაძლებლობა ექნება „ბარსელონასა“ და ეროვნულ ნაკრებში გამართულ ოფიციალურ მატჩებში გატანილი ჰეთ-თრიკების რაოდენობა 50-მდე გაზარდოს. ამის მისაღწევად მას მხოლოდ ერთი ჰეთ-თრიკი აკლია. არგენტინელს ასევე ექნება შანსი გააუმჯობესოს იკერ კასილასის რეკორდი, რაც „ლა ლიგაში“ მოპოვებულ ყველაზე მეტ გამარჯვებას გულისხმობს. კასილასის ანგარიშზე 334 მოგებაა. მესის ამ მაჩვენელის გასაუმჯობესებლად 11 მატჩში გამარჯვება სჭირდება.

კოპა დელ რეიზე გატანილი გოლების რაოდენობით ვერა, მაგრამ „პიჩიჩის ჯილდოების“ რაოდენობით არგენტინელი ტელმო სარას შესაძლოა დაეწიოს. ამ ჯილდოს ესპანური გამოცემა „მარკა“ „ლა ლიგის“ სეზონის საუკეთესო ბომბარდირს გადასცემს. მესმიმპიჩიჩი“ 2018-ში მეხუთედ მოიპოვა. სარას ის ექვსჯერ აქვს მოგებული. 2019-ში არგენტინელი ფეხბურთელი შეეცდება საკუთარი რეკორდის გაუმჯობესებასაც, რაც „ოქროს ბუცის“ მეექვსედ მოგებას გულისხმობს. „ოქროს ბუცს“ უეფას წევრი ქვეყნის ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირს გადასცემენ.

ყველაზე მეტად კი 2019 წელს მესის ჩემპიონთა ლიგის მოგება სურს. ეს ფეხბურთელმა ცოტა ხნის წინ თვითონვე განაცხადა. ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ტიტული არგენტინელს უკვე ოთხჯერ აქვს მოპოვებული, თუმცა არც ერთხელ კაპიტნის რანგში. ამის შეცვლას ის მაისში „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ გეგმავს.

კიდევ ერთი რაც მესის სურს, ეს რაიან გიგზის რეკორდის გამეორებაა. და თუ წელს ბარსელონა ისევ მოიგებს სამ ტიტულს, არგენტინელი ამას შეძლებს. აღნიშნული მიღწევა კი ის არის, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარულ კაპიტანმა ერთ კლუბში ყველაზე მეტი, 36 ტიტული მოიგო. ამ მაჩვენებლამდე მესის სწორედ 3 ტიტული აკლია.

და ბოლოს, „ბარსელონას“ კაპიტანი წელს შეეცდება მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას იმ გზაზე, რაც პელეს რეკორდის გამეორებას და მერე გაუმჯობესებას გულისხმობს. ბრაზილიელს ერთი გუნდის „სანტოსის“ მაისურით 643 ბურთი აქვს გატანილი, მესის „ბარსელონას“ მაისურით – 576. რა თქმა უნდა, პელეს წელს ვერ დაეწევა, თუმცა ამ მიზნის მისაღწევად ბრძოლას გააგრძელებს.