ლიონელ მესიმ ნონა გაფრინდაშვილს არგენტინის ნაკრების მაისური გამოუგზავნა [ვიდეო] #1TVSPORT
ლეო მესიმ ნონა გაფრინდაშვილს თავისი ავტოგრაფით არგენტინის ნაკრების მაისური გამოუგზავნა – ინფორმაციას ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკის youtube-ის არხი ავრცელებს.
„ლეო მესიმ საქართველოს ლეგენდარულ მოჭადრაკეს, ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილს მადლობა გადაუხადა საჩუქრისთვის და საპასუხოდ არგენტინის ეროვნული ნაკრების მაისური გაუგზავნა საკუთარი ავტოგრაფით.
ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა მესიმ ნონა გაფრინდაშვილს მაისური უსახსოვრა – პირველად 2021 წელს, 80 წლის იუბილეზე „ბარსელონას“ მაისური აჩუქა. ამ მაისურის მიღება ნონა გაფრინდაშვილისთვის განსაკუთრებულია, რადგან იგი ლეო მესის დიდი ქომაგია.
ლეგენდარულ მოჭადრაკეს საჩუქრი არგენტინის საგარეო საქმეთა, საერთაშორისო ვაჭრობისა და კულტურის სამინისტროსა და არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის ძალისხმევით გადაეცა.
მათივე დახმარებით, არგენტინაში საქართველოს ელჩმა, ბატონმა გვარამ ხანდამიშვილმა მესის ნონა გაფრინდაშვილის მიერ გაგზავნილი საიუველირო ჭადრაკი (მოოქროვილი ფიგურებით) გადასცა, რომელიც 2021 წელს „ზარაფხანის“ მიერ დამზადდა და „კოპა ამერიკაზე“ გამარჯვება მიულოცა. ეს ქმედება კიდევ ერთხელ ასახავს ლეგენდარული სპორტსმენების ურთიერთპატივისცემას“, – ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამავე ვიდეოში გავრცელდა ლეო მესის მიმართვის ტექსტიც: „ქალბატონო ნონა, გამარჯობა. პირველ რიგში, მსურდა, მადლობა გადამეხადა. როგორც იქნა, ამდენი ხნისა და რამდენიმე მცდელობის შემდეგ მივიღე თქვენი საჩუქარი, კიდევ ერთხელ გულითადი მადლობა. გიგზავნით არგენტინის ეროვნული ნაკრების მაისურს ჩემი ავტოგრაფით“.