ლიონელ მესიმ კონმებოლს ბოდიში მოუხადა
ლიონელ მესიმ კონმებოლს ბოდიში მოუხადა

არგენტინის ნაკრების ფორვარდმა ლიონელ მესიმ, რომელმაც კორუპციაში დასდო ბრალი სამხრეთ ამერიკის საფეხბურთო კონფედერაციას (CONMEBOL), ბოდიში მოუხადა ორგანიზაციას თავისი სიტყვებისთვის, – ამის შესახებ გაზეთი „ნასიონი“ (La Nacion) წერს.

წერილი, რომელშიც „ოქროს ბურთის“ ხუთგზის მფლობელი ბოდიშს იხდის, არგენტინის ფეხბურთის ასოციაციამ კონმებოლის ეთიკის კომისიაში გააგზავნა. მასში არგენტინული მხარე ამტკიცებს, რომ კორუპციაზე საუბრისას, მესი არ გულისხმობდა სამხრეთ ამერიკის საფეხბურთო კონფედერაციის არცერთ წევრს. გარდა ამისა, ფეხბურთელმა თავისი განცხადება სტრესულ სიტუაციაში გააკეთა.

არგენტინის ფეხბურთის ასოციაციაში იმედოვნებენ, რომ კონმებოლი მესისთვის გაფრთხილებით ან ფულადი ჯარიმით შემოიფარგლება. პოტენციურად, “ბარსელონას” ვარსკვლავს ნაკრებში ორწლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება.