ლიონელ მესიმ ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო MLS-ის „ყველა ვარსკვლავის მატჩის“ გამოტოვებისთვის #1TVSPORT
„ინტერ მაიამის“ ფეხბურთელები ლიონელ მესი და ჟორდი ალბა MLS-ის ერთი მატჩით არიან დისკვალიფიცირებულნი.
ლიგამ ასეთი გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ არგენტინელმა და ესპანელმა MLS-ის „ყველა ვარსკვლავის მატჩი“ გამოტოვეს.
„ლიგის წესების თანახმად, ნებისმიერ ფეხბურთელს, რომელიც ლიგასთან წინასწარი შეთანხმების გარეშე უარს ამბობს „ყველა ვარსკვლავის მატჩში“ მონაწილეობაზე, არ აქვს უფლება, ითამაშოს საკუთარი გუნდის მომდევნო შეხვედრაში“, – წერია განცხადებაში.
ასე რომ, მესი და ალბა ვერ დაეხმარებიან „ინტერ მაიამის“ 27 ივლისს „ცინცინატის“ წინააღმდეგ მატჩში.
MLS-ის პრეზიდენტმა დონ გარბერმა განაცხადა, რომ მესის დისკვალიფიკაცია „ძალიან მძიმე გადაწყვეტილება“ იყო.
უფრო ადრე „ინტერ მაიამის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხავიერ მასკერანომ განაცხადა, რომ მესის დასვენების საშუალება მიეცა გადაღლილობის გამო, ჟორდი ალბა კი მკურნალობის კურსს გადიოდა მცირე დაზიანების შემდეგ.
MLS-ის „ყველა ვარსკვლავის მატჩი“ ხუთშაბათს გაიმართა. MLS-ის ვარსკვლავების ნაკრებმა 3:1 დაამარცხა მექსიკის ლიგის ვარსკვლავები.