ლეგენდარულმა არგენტინელმა და ურუგვაელმა ფეხბურთელებმა, ლიონელ მესიმ და ლუის სუარესმა დაადასტურეს, რომ დააარსეს საკუთარი საფეხბურთო კლუბი სახელად Deportivo LSM, რომელიც პირველი ნაბიჯების გადადგმას ურუგვაის ჩემპიონატის მეოთხე დივიზიონიდან დაიწყებს.
ინიციატივის შესახებ ფეხბურთელმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ პროექტი მათ მეგობრობასა და ფეხბურთისადმი სიყვარულზეა დაფუძნებული. კლუბის სახელში (LSM) ორივე ვარსკვლავის ინიციალებია გაერთიანებული.
„ეს ნაბიჯი ჩვენი მეგობრობისა და ფეხბურთისადმი ერთგულების გაგრძელებაა. გვინდა, მომავალ თაობებს მივცეთ შანსი, გაიზარდონ ჯანსაღ გარემოში და ჰქონდეთ შესაძლებლობა, წარმატებისკენ საკუთარი გზა გაიკვალონ“, — აღნიშნულია მესისა და სუარესის ერთობლივ წერილში.
Deportivo LSM-ს ოფისი ურუგვაიში ექნება და კლუბი ყურადღებას ახალგაზრდების განვითარებაზე გაამახვილებს. მიუხედავად იმისა, რომ გუნდი მეოთხე დივიზიონში იასპარეზებს, მის გარშემო უკვე დიდი ინტერესი გაჩნდა, რაც მესისა და სუარესის გავლენით არის განპირობებული.
კლუბის პირველი მატჩები მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება. როგორც იუწყებიან, ახლო მომავალში შედგება პრეზენტაცია, სადაც ოფიციალურად წარადგენენ გუნდის მენეჯმენტს, სამწვრთნელო შტაბსა და მოთამაშეებს.