ლიონელ მესი და „ინტერ მაიამი“ MLS-ის ჩემპიონები გახდნენ [ვიდეო] #1TVSPORT
ლიონელ მესი და „ინტერ მაიამი“ MLS-ის ჩემპიონები გახდნენ [ვიდეო] #1TVSPORT

ლიონელ მესის „ინტერ მაიამი“ თავის ისტორიაში პირველად გახდა MLS-ის ჩემპიონი – ფლორიდულმა კლუბმა მეექვსე ცდაზე მოიპოვა ტიტული. პლეი ოფის ფინალში მან შინ 3:1 დაამარცხა თომას მიულერის „ვანკუვერ უაითქეფსი“. მესიმ შედეგიანი გადაცემების დუბლი შეასრულა.

„ინტერ მაიამიმ“ სწრაფად წაიყვანა ანგარიში ედიერ ოკამპოს ავტოგოლით. ამის შემდეგ მასპინძლებმა უკან დაიხიეს და კანადურმა კლუბმა სათამაშო უპირატესობა მოიპოვა. რამდენიმე კარგი მომენტის გაფუჭების შემდეგ, „ვანკუვერმა“ მე-60 წუთზე გაათანაბრა ანგარიში – ალი აჰმედმა ახლო კუთხეში დარტყმით.

ამის შემდეგ თამაში თავის თავზე მესიმ აიღო. 71-ე წუთზე მან თავად მოიპოვა ბურთი და როდრიგო დე პაულს მიაწოდა, რომელმაც ზუსტად დაარტყა შორეულ კუთხეში. დე პაულისთვის ეს პირველი გოლი იყო MLS-ში. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მესის ჩაწოდებას ტადეო ალიენდეს გოლი მოჰყვა – 3:1.

* მესიმ 48-ე ტიტული მოიპოვა კარიერაში.

* მესიმ უმაღლეს დონეზე ჩაატარა MLS-ის პლეი ოფი – 6 გოლი და 7 პასი ექვს მატჩში. სულ სეზონში 34 მატჩში 35 გოლი და 23 საგოლე გადაცემა. 58 შედეგიანი მოქმედება!

* სანაკრებო მატჩების გათვალისწინებით, მესიმ 2025 წელს „გოლი+პასის“ სისტემით 73 ქულა დააგროვა. ეს იყო არგენტინელის კარიერაში მეცხრე კალენდარული წელი +70-ით. ბოლოს მან ეს 2017 წელს შეძლო.

* „ინტერ მაიამიმ“ პირველად შეძლო MLS-ის პლეი ოფის პირველი რაუნდის გავლა და ერთბაშად ჩემპიონი გახდა. ეს მეექვსე სეზონი იყო კლუბის ისტორიაში.

* ბოლო მატჩი ითამაშეს კარიერაში „ინტერ მაიამის“ ლეგენდებმა, სერხიო ბუსკეტსმა და ჟორდი ალბამ. ნახევარმცველმა 38 ტიტულით დაასრულა თამაში, მარცხენა მცველმა – 25-ით.

MLS-ის მომდევნო სეზონი 2026 წლის თებერვალში დაიწყება.